ნიკა მელიას საქმე

მელიას ადვოკატი საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს

RUSTAVI 2/Screengrab

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატი საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს. მისი თქმით, იგი კონსტიტუციონალისტებთან გადის კონსულტაციებს. საუბარია სააპელაციოს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიაზე ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება, მას სპეციალურ სამაჯური გუშინ დაუმაგრეს.

"ერთის მხრივ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმა იძლევა იმდაგვარ სამართლებრივ განმარტების შესაძლებლობას, რომ შეეზღუდოს პარლამენტარს მისი უფლებამოვალეობების განხორციელებისას დაუბრკოლებლობა და მეორეს მხრივ, გვაქვს კონსტიტუციური ჩანაწერი სადაც წერია, რომ პარლამენტარის უფლებამოვალეობა და განხორციელება უნდა იყოს შეუფერხებელი. ყოველგვარი დაბრკოლება ისჯება კანონით და ვფიქრობთ ჩვენ ამ კუთხით საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებაზე. გვაქვს გარკვეული კონსულტაციები კონსტიტუციონალისტებთან და უახლოეს დღეებში მოვამზადებთ კონსტიტუციურ სარჩელს" - ამბობს ნიკა მელიას ადვოკატი რუსთავი 2-თან საუბარში.

"ანტიდემოკრატიული მმართველობის გამოცდილების "საუკეთესო" მაგალით" - ასე აფასებენ პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც დღეს, 4 ივლისს, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.

"საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება აეკრძალა. ეს შეზღუდვა მის საპარლამენტო საქმიანობასაც შეეხო. დეპუტატზე ელექტრონული მონიტორინგის დაწესება დემოკრატიული ტრადიციის ქვეყნებში უპრეცედენტოა. საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად დაუშვებელია დეპუტატის საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვა. აშკარაა, ეს ნაბიჯი ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიის ლიდერის საპარლამენტო, პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მცდელობაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევადი რღვევის პროცესს. მიგვაჩნია, რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმები, რომლებმაც ამ მოსამართლეებს კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების გამოტანის შესაძლებლობა მისცა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს" - აღნიშნულია ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაში. [ახლი მემარჯვენეები, ახალი საქართველო, ახალი ქრისტიან-დემოკრატები, გამარჯვებული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ევროპელი დემოკრატები, ევროპული საქართველო, ემსახურე საქართველოს, თავისუფალი დემოკრატები კანონი და სამართალი, ლეიბორისტული პარტია, რესპუბლიკური პარტია, სამოქალაქო ალიანსი, საქართველოსთვის სახელმწიფო ხალხისთვის, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა, ქრისტიან-კონსერვატორები.]

ცნობისთვის, სააპელაციომ ასევე არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ადვოკატები საქალაქოს მიერ მელიასთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვდნენ.

საქალაქოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ეკრძალება:

  • საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე;
  • საზოადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება;
  • მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • დაეკისრა, საგამოძიებო ორგანოებისთვის პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების ჩაბარებისვალდებულება. 

ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, ამიტომ პროკურატურამ საქალაქოს გადაწყვეტილება სააპელაციოს სასამართლოში გაასაჩივრა. 

მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა მოწმეებზე ზეწოლის, დანაშაულის განმეორების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხის მოტივით ითხოვდა. 

26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა საგამოძიებო უწყებას მელიას დაკავების შესაძლებლობა მისცა, მას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერეს. 

მელიას მმართველი გუნდი და მათგან გამომდინარე, პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის, ორმა თვალი დაკარგა, კიდევ ორი - ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. მათ გარდა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. ერთი კვირაა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ. მმართველი გუნდი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება, ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა.

კომენტარები