გიგი უგულავა

უგულავა გიორგაძეზე: მოხსნეს იმის გამო, რომ მთელი მისი სფერო ეს დღეებია რუსთაველზე დგას

პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, მიხეილ გიორგაძის გადადგომას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა:

"მოედინება და მოაქვს მდინარეს. როგორც უსინდისოდ დაინიშნა ისე უსინდისოდ მიდის. სისხლიან დარბევას არ შეუწუხებია, წასვლის მიზეზად სტანდარტულ მოტივს "სისტემაში ახალ სისხლს" ასახელებს. სინამდვილეში, მოხსნეს! მოხსნეს იმის გამო, რომ მთელი მისი სფერო ეს დღეებია რუსთაველზე დგას და აბა "რობიკას" [სტურუა] უფროსი გიორგაძე ისედაც არასდროს ყოფილა." წერს ის.

გიორგაძემ თანამდებობა დღეს დატოვა. 

ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა და აღნიშნა, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.

"მეგობრებო, მსურს ჩემთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ გაცნობოთ. იცით, რომ 5 წლის წინ დავიკავე კულტურის მინისტრის თანამდებობა და ამ ხნის განმავლობაში ჩემი ენერგია, ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროს დავუთმე. შემდეგ შემოგვიერთდა ასევე უმნიშვნელოვანესი - სპორტის სფერო და მეამაყება, რომ ამ მიმართულებითაც ბევრ და დიდ წარმატებას მივაღწიეთ! დღეს კი მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა და კერძო სექტორში დავბრუნდე. ვფიქრობ, 5 წელი ამხელა პასუხისმგებლობის თანამდებობაზე არის სრულიად საკმარისი, რომ მაქსიმალური რესურსი ჩადო შენს საქმეში და დადო ის შედეგი, რომლის მიღწევაც შევძელით. ასევე, დროა ადგილი ახალ ადამიანებს, ახალ ენერგიას დავუთმო", - წერს გიორგაძე.

მიხეილ გიორგაძე 2014 წლიდან კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც სამინისტრო გაუქმდა და განათლების სამინისტროს შეუერთდა, ის განათლების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს.

კომენტარები