რუსული ოკუპაცია

სირცხვილია: დღეს წყდება, თავისუფალი ადამიანებისაა ქვეყანა თუ რუსეთის მხარდაჭერილი ძალების

ტაბულა

ანტისაოკუპაციო აქციის "სირცხვილია" ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ დღეს პარლამენტის წინ წყდება, ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა - თავისუფალ ადამიანებს, თუ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლება მფარველობს. ისინი თავისუფალ ადამიანებს მოუწოდებენ, დღეს, 19:00-ზე გავიდნენ რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანად, ანტისაოკუპაციო აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს დროშებით. ისინი ასევე მოუწოდებენ სახელმწიფოს, მხედველობაში მიიღოს კონტრაქციის მონაწილეების ძალადობრივი მოწოდებები, შეასრულოს თავისი ვალდებულება და უზრუნველყოს შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა უსაფრთხოება.

"ჩვენ, საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს,

➡️ რომლებსაც გვაერთიანებს რწმენა, რომ ადამიანის თავისუფლება და თანასწორობა თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველია;

➡️ რომლებიც ვთანხმდებით, რომ რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული მტერი და ოკუპანტი;

➡️ რომლებიც მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მომავალს.

❗️მიგვაჩნია, რომ:

➡️ დღეს, როგორც საქართველოს ისტორიაში არაერთხელ, რუსთაველზე, პარლამენტის წინ წყდება ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა, ჩვენ, თავისუფალ ადამიანებს, თუ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლება მფარველობს;

➡️ დღეს წყდება, მოახერხებენ თუ არა პრორუსული ძალები და რუსეთის ხელისუფლებისგან მართული ჯგუფები შექმნან ილუზია, რომ ეს ქვეყანა მათ ეკუთვნით;

➡️ დღეს, პარლამენტის წინ ადგილობრივი გავრილოვები ცდილობენ თავისუფალი სივრცის სიმბოლურად დაპატრონებას;

❗️მოვუწოდებთ თავისუფალ ადამიანებს:

დღეს, 19 საათზე გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანად, ჩვენი აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს დროშებით.

⚠️ ამავდროულად, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, მხედველობაში მიიღოს კონტრაქციის მონაწილეების ძალადობრივი მოწოდებები, შეასრულოს მისი ვალდებულება და უზრუნველყოს შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა უსაფრთხოება და ამ უფლებით სრულყოფილი სარგებლობა;

გელოდებით რუსთაველზე, 19:00-დან" - ნათქვამია განცხადებაში.

დილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პროპუტინურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა, ქართულმა მარშმა და ლევან ვასაძის მომხრეებმა დაიკავეს. დავით ისაკაძე ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას ითხოვს და აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციებს აღარ ჩაატარებინებს. მისი თქმით, "გვიყვარს რუსთაველი, მინდა შვილებთან ერთად გავისეირნო და არ დავინახო ეს საშინელი ხალხი, რომლებიც იძახიან რევოლუცია და აბა, უნდა შევვარდეთ, შევიჭრათ და დავანგრიოთ. უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. აქ გვინდა პარაკლისის გადახდა". ისაკაძემ ასევე გადაწყვიტა, გახარიას გადადგომის მოთხოვნით მოშიმშილეებს მეთვალყურეები დაუყენოს.

"მე არ გამიგია, ადამიანი 14 დღე შიმშილობდეს და ფიზიკურად იმატებდეს, ცოტა უცნაურია და ჩვენ მივეხმარებით, როგორ იშიმშილონ" - თქვა პრორუსული დაჯგუფების ლიდერმა. 

ფაშისტური ჯგუფები ჯვარ-კომბლებით რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც დღეს დაგეგმილი ღირსების მარში გაუქმდა.

კომენტარები