ანტიდასავლური პროპაგანდა

გაიზარდა ამერიკის წინააღმდეგ მიმართული გზავნილები - MDF-მა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

მედიის განვითარების ფონდმა ანტიდასავლური პროპაგანდის 2018 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიში 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. MDF-მა 18 მედია შეისწავლა.

მედიის განვითარების ფონდმა შემდეგი ტენდენციები გამოავლინა:

  • 2018 წელს გაიზარდა როგორც ამერიკის წინააღმდეგ მიმართული, ასევე იდენტობის დაკარგვის საფრთხეზე ფოკუსირებული გზავნილები. ასევე, მზარდი ტენდენცია შეინიშნება ნატოს, დასავლეთის და დიდი ბრიტანეთის შემთხვევაშიც.
  • არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფილანტროპ ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ მიმართული გზავნილები თითქმის წინა წლის იდენტურია და მკვეთრად აღემატება 2016 წლის მონაცემებს.
  • მზარდი ტენდენციის სახე აქვს ნეგატიურ დესტრუქციულ სტრატეგიას ყველა სხვა სუბიექტის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ევროკავშირს, რომლის წინააღმდეგ 2018 წელს 2017-თან შედარებით ნეგატიური გზავნილების კლების ტენდენცია იკვეთება, რაც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერითა და ვიზალიბერალიზაციის შედეგად გამოწვეული ხელშესახები პოზიტიური შედეგითაც შეიძლება იყოს განპირობებული.
  • დასაველეთის დემონიზების ფონზე, პოზიტიური ანუ კონსტრუქციული სტრატეგია რუსეთს, როგორც დასავლეთის ალტერნატივად, წარმოაჩენს, რაც ბოლო წლებში უფრო მკაფიო ხდება და ეტაპობრივად პროგრესირებს.
  • საგარეო პოლიტიკის საკითხებზე პოლარიზების პარალელურად, ირიბი დესტრუქციული სტრატეგია რუსეთის საფრთხის ნიველირებას ახდენს და ახალი ნარატივის ფორმირებით ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ კონფლიქტი რუსეთ-საქართველოს შორის კი არა, არამედ ორ დიდ სუპერ-სახელმწიფოს შორის მიმდინარეობს, რასაც საქართველოს ინტერესები ეწირება.

"მთავარი გზავნილი საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის და დასავლეთის ნაცვლად ძლიერ რუსეთთან თანამშრომლობის აუცილებლობა იყო, რასაც ჩრდილოელ მეზობელთან მოლაპარაკებების უალტერნატივობის და პირდაპირი დიალოგის აუცილებლობის შესახებ ნარატივიც ამყარებდა. კრემლისტური აქტორები ამკვიდრებდნენ აზრს, რომ რუსული პროპაგანდა არარეალურია, ხოლო დასავლური – რეალური, ისინი ამასთანავე რუსეთის სამხედრო-შეიარაღებული ძლიერების და რუსული ბაზრის უპირატესობის კულტივირებას ახდენდნენ. ხდებოდა ხაზგასმა რუსეთის, როგორც მართლმადიდებელი ქვეყნის მესიანისტურ მისიასა და ერთმორწმუნე ქვეყნის უპირატესობაზე . ავტორიტარული რეჟიმების გამართლება როგორც დიქტატორების - სტალინი, კადაფი, ასადი – იდეალიზებას, ასევე ბაშარ ალ-ასადის გამართლებას ახდენდა, რომ მას სირიაში ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია და დასავლეთის კოალიციის პრეტენზიები სირიის ხელისუფლების მიმართ უსაფუძვლო იყო. ამასთანავე საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიის გაღვივების შემთხვევებიც იკვეთებოდა" - წერია ანგარიშში.

მედიის განვითარების ფონდის ცნობით, წინა წლების მსგავსად ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო მედია იყო, საიდანაც გამოირჩეოდა გაზეთი და ონლაინ გამოცემა "საქართველო და მსოფლიო“ (Geworld.ge), რომლის გამომცემელი პრეზიდენტმა პუტინმა სპეციალური ორდენით დააჯილდოვა; TV ობიექტივი, რომელიც კრემლისტურ პარტია "პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებული მედიუმია; გაზეთები „ასავალ-დასავალი“ და „ალია“, რომელთა სარედაქციო პოლიტიკა სიძულვილის ენას ეფუძნება და „საქინფორმი“, რომელსაც "საქართველო და მსოფლიოსთან“ როგორც ინსტიტუციონალური, ასევე შინაარსობრივი ბმა აქვს.

"წინა წლების მსგავსად, გამოიკვეთა ორი კრემლისტური პარტია, რომელიც ანტიდასავლურ გზავნილებს ყველაზე ხშირად ავრცელებდა. ესენია „პატრიოტთა ალიანსი“ და „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა. ამასთანავე, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ცალკეული წარმომადგენლები კვლავ აკეთებდნენ განცხადებებს, რომლებიც ხელისუფლების გაცხადებულ პოზიციასთან მოდიოდა წინააღმდეგობაში.

მედია მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა 24 საზოგადოებრივი ორგანიზაცია და მოძრაობა, რომელიც ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებდა, მათი დიდი ნაწილი „ეროვნულ ძალთა შეთანხმების“ შემადგენლობაშია, რომელიც როგორც ღიად პრორუსულ, ასევე ულტრანაციონალისტურ ჯგუფებს აერთიანებს, მათ შორის პრიმაკოვის სახელობის ცენტრს, ქართულ მარშს, ევრაზიულ ინსტიტუტს და სხვებს.

18 სასულიერო პირიდან გამოიკვეთა 5, რომელიც ანტიდასავლური კომენტარებით ყველაზე მეტად გამოირჩეოდა და ძირითადად იდენტობის დაკარგვის საფრთხეზე, ასევე მართლმადიდებელ სამყაროში განხეთქილების შეტანაში ამერიკის დადანაშაულებაზე ამახვილებდა ყურადღებას. ხუთიდან ოთხი მოქმედი სასულიერო პირი, ხოლო ერთი – ეკლესიის მიერ განკვეთილია.

გამოიკვეთა ასევე ორი უცხოელი ჟურნალისტი (ამერიკელი და ბულგარელი), რომელთა გამოცემებიც რუსეთთან არის დაკავშირებული და რომელთაც რუსეთის სახელმწიფო მედია ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ბიოდოვერსიის კონსპირაციის გასამყარებლად რესპონდენტებად ხშირად იყენებს. ბულგარელი ჟურნალისტის მიერ ამ თემაზე გავრცელებულმა კონფიდენციალურმა ელექტრონულმა და სამსახურეობრივმა მიმოწერამ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან დოკუმენტების გაჟონვის ფაქტი გამოავლინა, რასაც სამართლებრივი მსვლელობა მიეცა" - ნათქვამია ანგარიშში.

მედიის განვითარების ფონდის ცნობით, 2018 წელს გავრცელებული ყალბი ამბებიდან ყველაზე მეტი დეზინფორმაცია ან მანიპულირებული კონტენტი იყო, რომელსაც კონსპირაციები, ისტორიის, სტატისტიკის, ინტერვიუს გაყალბება მოსდევს. ვიდეომანიპულაციების უმეტესობა მიგრანტებს შეეხებოდა და ძირითადად ულტრანაციონალისტური ფეისბუკ გვერდების მეშვეობით ვრცელდებოდა; ხოლო ფოტომანიპულაცია მიგრანტების თემასთან ერთად საგარეო პოლიტიკის საკითხებსაც შეეხებოდა.

კომენტარები