პატრიოტთა ალიანსი

ინაშვილი: ჩემი მეგობრების ვიზიტი მოსკოვში სამშობლოს მტრებისთვის შესაშურ სიკეთეს მოუტანს

ტაბულა

პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვლადიმირ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა და მას ღირსეული და დროული უწოდა. ის ასევე წერს, რომ პარტიის წევრები უახლოეს დღეებში მოსკოვში ჩავლენ:

"რუსეთის პრეზიდენტმა ძალზედ ღირსეული და დროული კომენტარი გააკეთა. პირადად მე გამახარა ამ დამოკიდებულებამ. ნამდვილად, ქართულ- რუსულ ურთიერთობებს სიღრმისეულად უნდა მივუდგეთ და ასეთი მიდგომა ორივე მხარისთვის სასიკეთო და ქრისტიანულ ნაყოფს გამოიღებს.

არ დავმალავ, ეს დღეები უკიდურესად დაძაბული შრომის დღეები იყო. ჩვენ ჩვენი წილი ვიშრომეთ, რომ ვითარება განმუხტულიყო და უდაოდ კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენმა შრომამ პირველი ნაყოფი გამოიღო. ჩვენი გუნდის წევრები უახლოეს დღეებში ჩავლენ მოსკოვში. თქვენ იცით, რომ ვიზების გაუქმებაზეც ვიყავით შეთანხმებული, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ბევრი სხვა სასიკეთო ინიციატივაც ძალზედ პოზიტიურად განიხილებოდა. პროვოკატორებმა ქვეყანა უკან დახიეს და ეს პირველად არ ხდება... მაგრამ გამოსავალს, ღვთის წყალობით, კვლავ მოვძებნით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეგობრების ვიზიტი მოსკოვში ჩვენს სამშობლოს საგრძნობ და ჩვენი მტრებისთვის შესაშურ სიკეთეს მოუტანს."

შეგახსენებთ, რომ რუსული კომუნისტური პარტიის ლიდერმა და რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა თქვა, რომ ივლისში რუსეთში დაგეგმილ განვითარების საერთაშორისო ფორუმზე "პარლამენტარიზმის განვითარება" ჩასვლას ქართველი დეპუტატებიც გეგმავდნენ, კერძოდ კი "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები. მან მათი უსაფრთხოების დაცვის პირობაც დადო.

ამის შემდეგ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, დეპუტატმა გიორგი ლომიამ თქვა, რომ ვიზიტი აღარ შედგებოდა:

"ჩვენ არ ვგეგმავთ ჩასვლას მოსკოვში. იგეგმებოდა. ჩვენ მივიღეთ მოწვევა, მაგრამ საპარლამენტო საერთაშორისო ფორუმში კი არ უნდა მიგვეღო მონაწილეობა, იგეგმებოდა შეხვედრები როგორც აფხაზურ მხარესთან, ასევე ოსურ მხარესთანაც. მე ვაპირებდი იმ ხალხთან შეხვედრას. სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგი აუცილებელია, ამაზე ვთანხმდებით. მაგრამ, იმ ყველაფრის შემდეგ რაც საქართველოში მოხდა, ეს ყველაფერი ჩაიშალა." თქვა მან 24 ივნისს.

რაც შეეხება ვლადიმირ პუტინის დღევანდელ განცხადებას, რომელსაც ირმა ინაშვილი ღირსეულს უწოდებს, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ არ არის საქართველოსთვის სანქციების დაკისრების მომხრე. მას  ჟურნალისტებმა რუსთავი 2-ის წამყვან გიორგი გაბუნიაზეც ჰკითხეს, ემხრობა, თუ არა მისი ექსტრადირების საკითხს, რაზეც პუტინმა უპასუხა:

"ზედმეტად დიდი პატივია მათთვის. დაე, გააგრძელონ მაუწყებლობა". 

რუსეთის მიერ საქართველოსთვის სანქციების დაკისრება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც რუსთავი 2-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემის დაწყების წინ პირდაპირ ეთერში პუტინს აგინა. 9 ივლისს რუსეთის სახელმწიფო დუმის ქვედა პალატამ მინისტრთა კაბინეტს მოუწოდებს, პრეზიდენტ პუტინს შესაბამისი წინადადებით მიმართოს.

კომენტარები