ტურიზმი

წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო მოგზაურობიდან $1.5 მილიარდი შემოვიდა

georgicatravel.ge

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის პირველ ექვს თვეში საერთაშორისო მოგზაურობებიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს 95.4 მილიონი დოლარით მეტია, რაც 7%-იან ზრდას ნიშნავს.

ივნისში საერთაშორისო მოგზაურობებიდან მიღებული შემოსავლები 340 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც გასული წლის ივნისთან შედარებით 14.6 მილიონი დოლარით, ანუ 4.5%-ით მეტია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის ივნისში ტურისტული ნაკადი, გასულ წელთან შედარებით, 18%-ით გაიზარდა. 2018 წლის ივნისში საქართველოში სულ 399 ათასი ტურისტი შემოვიდა, წელს კი  ქვეყანას 471 ათასი ტურისტი ესტუმრა. 20%-ით გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაც. ჯამში ტურისტების და ვიზიტორების საერთო რაოდენობა ივნისში 874 ათასამდე აღწევს.

ტურისტული ნაკადის ზრდის მოლოდინზე უარყოფითად იმოქმედა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის შესახებ. ქართულ და რუსულ ავიაკომპანიებს ფრენები 8 ივლისიდან აეკრძალება. მიუხედავად შექმნილი უარყოფითი მოლოდინებისა, იმ შემთხვევაშიც კი თუ საქართველოში არც ერთი რუსი ტურისტი არ ჩამოვა და სხვა ქვეყნებიდან არანაირი ზრდა არ იქნება, საქართველოში წელს, დაახლოებით 4 მილიონი ტურისტი ჩამოვა, რაც უფრო მეტია, ვიდრე 2016 წელს.

კომენტარები