მელია: 20 ივნისს გადაღებული ეს უწყვეტი ვიდეო ხელისუფლების პროპაგანდას ანადგურებს [VIDEO]

ტბელ აბუსერიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია Facebook-ზე 20 ივნისს ცრემლსადენი გაზის გაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებულ უწყვეტ ვიდეო-კადრს აჩვენებს. 

ვიდეოზე ჩანს, რომ ოპოზიციური ლიდერები პარლამენტის შესასვლელთან მდგარ ხალხს ეუბნებიან, რომ მათ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისგან მიიღეს შეთავაზება, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნები გააცნონ. ოპოზიციური ლიდერები ხალხისგან ნებართვას იღებენ, ამ დროს კი მოულოდნელად ცრემლსადენი გაზის პირველი გასროლა ხდება, თანაც არა წინა, არამედ უკანა რიგებში.

"კადრები, რომელსაც 20 დღეა, ვეძებდით! ამ უწყვეტი კადრებით მთლიანად ნადგურდება ხელისუფლების პროპაგანდა, თითქოს სროლა იმიტომ დაიწყეს, რომ დემონსტრანტები პარლამენტში შეჭრას ვცდილობდით. პირიქით, ამ უწყვეტ კადრებში ჩანს, რომ ხელისუფლება გვთავაზობდა შეხვედრას, რასაც ჩვენ ვათანხმებდით ხალხთან და სწორედ ამ დროს ატეხა სროლა ივანიშვილ/გახარიამ,"- წერს ნიკა მელია. 

20 ივნისს სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო, მშვიდობიანი აქცია ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლებით დაარბია. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს მომიტინგეთა პარლამენტში შეჭრის საფრთხის გამო გააკეთა. 

გავრილოვის ღამის სრული ქრონოლოგია ნახეთ აქ

კომენტარები