საარსებო მინიმუმი

საქსტატი: შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 188.1 ლარია, ხუთსულიანი ოჯახის - 374.8

Reuters

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა განაახლა მონაცემები საარსებო მინიმუმის შესახებ, რომლის მიხედვითაც, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 188.1 ლარით არის განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2 ლარით მეტი იყო და 190.1 ლარს შეადგენდა.

ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 266.5 ლარია, როცა მაისში 266.5 იყო. სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 299.8 ლარია, მაისში კი 303.1 ლარს შეადგენდა.

ანალოგიურად, შემცირდა ოთხსულიანი და ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმიც. ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი მაისისთვის 336.8 ლარით იყო განსაზღვრული, ივნისისთვის კი 333.1 ლარით. ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი მაისში 378.9 ლარი იყო, ივნისში კი 374.8 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს:

"2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა."

კომენტარები