სალომე ზურაბიშვილი

გერმანიაში მყოფი ქართველი სტუდენტები: პრეზიდენტის თანმხლებმა უწიგნურები გვიწოდა

www.facebook.com/mirian.gamrekelashvili

გერმანიაში მყოფი ქართველი სტუდენტები ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წამომადგენელმა მათ შეხვედრაზე გაუნათლებლები უწოდა.

მირიან გამრეკელაშვილი რუსთავი 2-თან ყვება, რომ შეხვედრის დამსწრეებს სურდათ, პრეზიდენტისგან მოესმინათ 20 ივნისის ღამის შეფასება, რუსეთთან, ასევე, დავით გარეჯთან შექმნილი პრობლემის შესახებ მისი აზრი, თუმცა, პასუხების მიღება ვერ მოახერხეს. 

გამრეკელაშვილი ყვება, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათ მოუწოდა, არა ზეპირად, არამედ დოკუმენტებით ესაუბრათ.

"მოგვიწოდა, რომ გვესაუბრა დოკუმენტებით და არა ზეპირად, გვენახა მისი განცხადებები, თუმცა მისი აი ამ შენიშვნის შემდეგ შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილე გოგონამ, ნინო იმნაძემ პრეზიდენტს წაუკითხა მისივე 2017 წლის განცხადება, სადაც ის ნატოს წვრთნებს საქართველოში აფასებს ნეგატიურ მოვლენად და გეოპოლიტიკურ საფრთხედ. თუმცა, ამ განცხადებაზე პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იყო ადრე და ახლა აზრი შეიცვალა, ბევრ რაღაცას გადახედა და ახლა სხვა ადამიანია. თუმცა, ამ კითხვას უფრო მწვავე კითხვები მოჰყვა და საქმეში ჩაერთო პრეზიდენტის თანხმლები პირთაგან ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც არ წარგვიდგინეს და ამ ქალბატონმა დამსწრეებს გაუნათლებლები და უწიგნურები უწოდა და ბრალი დასდო მათ პარტიულ ანგაჟირებაში. ხმაურის შემდეგ პრეზიდენტმა და მისმა ამალამ დატოვა შეხვედრა დამშვიდობების გარეშე, მაგრამ სანამ დატოვებდა, ჩემმა მეგობარმა, ბატონმა ხიმშიაშვილმა და მე განვახორციელეთ ეს ჟესტი, რომლითაც გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი. მით უმეტეს, მე პირადად მაქვს ორმაგი პროტესტი. პირველი, რომ თავად მეც მაღიზიანებს ჩვენი მოქმედი მთავრობის რაღაცა რუსეთუმე და რუსოფობიური პოლიტიკა, რომელიც დიდი ხანია გრძელდება საქართველოში და მეორე მხრივ, არ მსურს, რომ ჩემს შვილს თვალი ამოთხარონ იმიტომ, რომ მან რაღაც გააპროტესტა.

მინდოდა მეკითხა ქალბატონი პრეზიდენტისთვის ბოლოსკენ, თუმცა არ დამცალდა, ხომ არ აპირებს ის მოინახულოს ზუსტად მიუნჰენში მყოფი ის გოგონა, რომელსაც ამ აქციების დროს გამოთხარეს ერთი თვალი,“-უთხრა გამრეკელაშვილმა რუსთავი 2-ს.

მონაწილეების ინფორმაციით, შეხვედრა 14 ივლისს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე შედგა.

კომენტარები