ნიკა მელიას საქმე

კახიძე: ივანიშვილი დასამარცხებელია, ამ ბრძოლაში გვჭირდება პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები

ტვ პირველი

ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ ტვ პირველის ეთერში კიდევ ერთხელ თქვა, რომ ნიკა მელიას მიერ 20 ივნისს გაკეთებული განცხადება უპასუხისმგებლობაა. 

მისივე თქმით, "ეს მელაის დაცვის ხაზია და მან უნდა თქვას, რომ ეს განცხადება შეცდომა და უპასუხისმგებლობა იყო და არა დანაშული". 

კახიძე ამბობს, რომ ნიკა მელიას განცხადებამ, ხელებაწეულები შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში, ხელისუფლებას მისი "ხელზე დახვევის და სამართლებრივი დევნის დაწყების საბაბი მისცა, რაც, თავის მხრივ, აბსურდია. თორემ განცხადება არ იყოო, ხომ ვერ იტყვის, ან იმას ხომ ვერ იტყვის, რომ მომიტინგეები უნდა შესულიყვნენ პარლამენტში და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.". 

"სამართლებრივად ეს არც გადატრიალებაა, არც ამბოხებაა, არც ძალადობისკენ მოწოდება. ამას სამართლებრივი შინაარსი არ აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ მელიას ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ უნდა გაეკეთებინა" - თქვა მან. 

ევროპული საქართველოს წევრი ასევე ამბობს, რომ ოპოზიციამ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება უნდა გაითვალისწინოს - ივანიშვილის ხელისუფლება ჯერაც არ არის დამარცხებული და მასთან საბრძოლველად ჭკუა და პასუხისმგებლობაა საჭირო. 

"მილიარდერი ივანიშვილი აკონტროლებს ხელისუფლების ყველა შტოს და არის ძალიან ძლიერი ჯერ კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი წილი დაკარგა. ეს ბრძოლა არ დამთავრებულა. ამასთან საბრძოლველად ჭკუა და პასუხისმგებლობაა საჭირო. ჩვენ სამომავლო ბრძოლა გვაქვს ივანიშვილთან გასამართი და ამ ბრძოლაში არ გვჭირდება უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები. არ გვჭირდება ხალხი, რომელმაც არ იცის, რა განცხადება გააკეთოს, არ იცის, რა უნდა მოუწოდოს, არ იცის, მიტინგი როგორ უნდა მართოს, არ იცის, რა უნდა დააორგანიზოს. ამ სიტყვას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფასი და პოლიტიკური ლიდერები იმიტომ არიან ლიდერები, რომ მათ აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. 

მე და ევროპული საქართველო ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ, ამიტომ არ გაგვიკეთებია იქ მსგავსი განცხადება, ამიტომ ვიდექით იქ ცოცხალ ჯაჭვში და ამიტომაც ვუდგავართ გვერდით იმ მიტინგებს, რაც მიმდინარეობს და ახალგაზრდებს, რომ ამანაც არ მიიღოს ხელისუფლებისთვის სასურველი სახე. 

ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლაა ოლიგარქის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში ჩვენ უნდა ვიყოთ გონიერები, ჩვენ უნდა დავიცვათ კანონი, უნდა ვიყოთ გარანტები იმისა, რომ ქვეყანაში იქნება მშვიდობა და მშვიდობიანი დემოკრატიული არჩევნებით შეიცვლება ივანიშვილის რეჟიმი.

გახარია უნდა გადადგეს, იმიტომ რომ თვალები დათხარეს ხალხს და ის ადამიანები უნდა ჩასხდნენ ციხეში, ვინც ეს თვალები დათხარა და ივანიშვილი უნდა გავუშვათ პროპორციული სისტემით. ეს არის მთავარი ამ ბრძოლაში. ოღონდ ივანიშვილისნაირ რეჟიმთან ბრძოლაში ამგვარი უპასუხისმგებლო განცხადებები არ გვჭირდება, გვჭირდება ჭკვიანი პოლიტიკოსები, პასუხისმგებლიანი ლიდერები, რომლებსაც გააზრებული აქვთ თითოეული განცხადების მნიშვნელობა, იციან ამისი ადგილი და დრო", - თქვა ოთარ კახიძემ. 

კახიძე გამოეხმაურა გიგი უგულავას პოზიციასაც ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით. 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე დაწერა, რომ "სანამ ხალხისთვის 20 ივნისის ტრაგედია ჯერ ძალიან ღია ჭრილობაა, როცა მთავრობა ჯერ კუდიანებზე ნადირობს, კინკლაობა და ხელის გაშვერა ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ დისკუსიის დროც მოვა, მაგრამ არა ახლა“. 

უგულავა ასე კახიძის და გიგა ბოკერიას რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელიას განცხადება უპასუხისმგებლობა იყო. 

კახიძის თქმით, პარტიაში გიგი უგულავას განცხადებებთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ აქვთ და . ევროპული საქართველო პოლიტიკურ საბჭოს მოიწვევს, სადაც ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ფართოდ იმსჯელებენ. 

თავად კახიძე ამბობს, რომ უგულავას არ ეთანხმება. 

"მე ვთვლი, რომ შეფასების დრო არის მაშინ, როცა შესაფასებელია კონკრეტული მოვლენა. მელიას მიმართ წარდგენილი სამართლებრივი .არგუმენტები არის აბსურდული, იმიტომ რომ მას ძალადობისკენ არ მოუწოდებია. ამბოხი და გადატრიალება არის სრული სიგიჟე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შევაფასოთ მელიას მოწოდება. მელიას მოწოდება მარტო მელიას კი არ ეხება, ამგვარი მოწოდება არის ზოგადად მიუღებელი. საუბარი მშვიდობიან შესვლებზე არის ხელისუფლების მაშველი რგოლი და ხელისუფლებასთან ბრძოლაში მსგავსი განცხადებები არ გვჭირდება.

ჩვენი პარტია არის მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი და არის საკითხები, რაზეც ჩვენ ვერ ვთანხმდებით ხოლმე. ასეთ დროს პარტიის პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებებს და რასაც წყვეტს პოლიტსაბჭო, იმას ემორჩილება შემდეგ პარტია. ეს საკითხი არის პოლიტსაბჭოზე განსახილველი. 

მე ძალიან გული მწყდება, როდესაც ნიკა მელია ჩემზე საუბრისას პარალელს ავლებს ნუგზარ ფოფხაძესთან და მერე ამას იმეორებს ჩემი პარტიის გენერალური მდივანი. მე ძალიან გული დამწყდა, როცა გიორგი ბარამიძემ მოითხოვა ჩემი პოზიციის შეფასება და გიგი უგულავა დადგა არა ჩემ მხარეს, არამედ ნიკა მელიას და გიორგი ბარამიძის მხარეს", -თქვა კახიძემ. 

კომენტარები