სირცხვილია

წიგნის ფესტივალი, ელექტრონული მუსიკის საღამო მშობლებისთვის - რა იგეგმება აქციაზე ამ კვირაში

პარლამენტთან მიმდინარე აქციების, სახელწოდებით - "სირცხვილია" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დღეს შეკრებილებს მიმდინარე კვირის გეგმები გააცნო.

შოთა დიღმელაშვილის თქმით, ოთხშაბათს, 17 ივლისს პარლამენტთან წიგნის ფესტივალი გაიმართება, სადაც შესაძლებელი იქნება წიგნების როგორც შეძენა, ასევე, გაცვლა. ორგანიზატორები ეპატიჟებიან როგორც გამომცემლებს, ასევე, ბუკინისტებს.

პარასკევს, 19 ივლისს ერთგვარი პრე-ფართი იგეგმება - იქნება ელექტრონული მუსიკის სცენა, სადაც აქციის მონაწილეები მშობლებთან ერთად მივლენ. დიღმელაშვილის თქმით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ელექტრონული მუსიკის წამყვან სახეებთან, ასევე, კლუბებთან.

შაბათს, 20 ივლისს, აქციების დაწყებიდან ერთი თვე გადის. ამ თარიღთან დაკავშირებით ორგანიზატორები გრანდიოზულ ღონისძიებას გეგმავენ, თუმცა კონკრეტულად ჯერ არ საუბრობენ. შოთა დიღმელშვილმა დღეს სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ იქნება ბევრი სიურპრიზი. მან პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდა როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს. მათ კი, ვინც თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებს, აქციის ორგანიზატორი რეგიონებში მდებარე სამთავრობო შენობებთან აქციებისკენ მოუწოდებს.

ამასთან, შოთა დიღმელაშვილმა თქვა, რომ კვირას, 14 ივლისს გამართული ფლი მარკეტის შემოსავალი 3000 ლარამდე იყო. მისივე ინფორმაციით, აქციების პერიოდში სულ 50 ათას ლარამდე შემოწირულობა ჩაირიცხა და ელოდებიან სხვა ჩარიცხვებსაც. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი განმარტავს, რომ აქციის ერთ დღეს დაახლოებით 2 ათას ლარამდე სჭირდება და საკმარისი ბიუჯეტი ექნებათ აქციების სექტემბრამდე გასაგრძელებლად. შოთა დიღმელაშვილის თქმით, მალე გამოქვეყნდება შესაბამისი საბანკო ამონაწერიც.

ამ დროისთვის პარლამენტთან აქცია "სირცხვილია 26.0" გრძელდება, რომლის მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. ზოგიერთ მათგანს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. 

პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები უკვე 26 დღეა ითხოვენ, გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა აიღოს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვოს. გახარია ჯერჯერობით თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. 

კომენტარები