ირანი

მოგერინი: ირანის მიერ 2015 წლის შეთანხმების დარღვევა შემობრუნებადია, სანქციები არ იგეგმება

ფედერიკა მოგერინი
AFP

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების სფეროში, ფედერიკა მოგერინიმ თქვა, რომ ირანის მიერ ბოლო პერიოდში 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დარღვევის ფაქტები შემობრუნებადია.

"ტექნიკურად, ყველა ნაბიჯი, რაც გადაიდგა, და ჩვენ ვწუხვართ, რომ გადაიდგა, შემობრუნებადია. მოვუწოდებთ ირანს შემოაბრუნოს ეს ნაბიჯები და დაუბრუნდეს შეთანხმების პირობების შესრულებას." თქვა მან.

მოგერინის თქმით 2015 წლის შეთანხმების ხელმომწერთაგან არცერთს არ მიაჩნია ეს დარღვევები მნიშვნელოვნად და ამიტომ დამატებითი სანქციების მიქანიზმების ამოქმედება არ მოხდება.

შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ 7 ივლისის შემდეგ ირანი ურანს იმ რაოდენობით გაამდიდრებს, რა რაოდენობაც მოესურვება - "ნებისმიერი რაოდენობა, რაც მოგვინდება, ნებისმიერ რაოდებობა, რაც საჭირო იქნება".

2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დადგენილი ზედა ზღვარი 3.67%-ა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბირთვულ შეთანხმებაში დარჩენილი მსოფლიო ძალები არ შეასრულებენ თავიანთ დაპირებას, მაშინ არაკის ბირთვული რეაქტორი 7 ივლისის შემდეგ ძველ საქმიანობას დაუბრუნდება.

2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

ამის შემდეგ, მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ თქვა, რომ ირანი შეთანხმებას ნაწილობრივ დატოვებდა, დაიტოვებდა გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდდა.

მან ასევე თქვა, რომ შეთანხმების გარკვეული პუნქტების შესრულებაზე უარის თქმიდან 60 დღეში თეირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს.

მიუხედავად ამისა სხვა ხელმომწერები, მათ შორის ევროპის ქვეყნები აგრძელებდნენ შეთანხმების მხარდაჭერას და ცდილობდნენ აშშ-ის სანქციებისათვის გვერდი აექციათ, თუმცა, ამასთანავე ირანს აფრთხილებდნენ, რომ მას უნდა გაეგრძელებინა შეთანხმების შესრულება.

ვენაში ირანსა და ევროპულ ქვეყნებთან მოლაპარაკებების შემდეგ ირანულმა მხარემ თქვა, რომ მათ ძალიან მცირე მხარდაჭერა შესთავაზეს სავაჭრო კუთხით, რათა გადაერწმუნებინათ ისინი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფიმ პირველ ივლისს განაცხადა, რომ ქვეყანამ 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით განსაზღვრული ლიმიტი დაარღვია და ურანის მარაგი გაზარდა.

კომენტარები