არჩევნები 2020

ივანიშვილი: მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ შეიძლება უმრავლესობითაც მოვიდეთ 2020 წელს

მე არ გამოვრიცხავ რომ ჩვენ შეიძლება უმრავლესობითაც მოვიდეთ 2020 წელს - ამის შესახებ ქართული ოცნების ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა. 

მისი თქმით, ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის გარდა ალბათ, ყველა პარტიასთან ითანამშრომლებს. 

"პროპორციული სისტემის დაშვება 2020 წლიდან თავის თავში გულისხმობს იმას რომ ალბათობა იმისა რომ ერთმა პარტიამ და მათ შორის ქართულმა ოცნებამ გადალახოს 50 %იანი ბარიერი იქნება რთული, თუმცა ეს არის შესაძლებელი მაგრამ არა აუცილებელი, თუ გნებავთ ჩემი გადმოსახედიდან. ის რომ მეტმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა მართვაზე და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, პროპორციული სისტემა უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას. დროულობაზე რაც შეეხება, ჩვენ ეს მივიღეთ თითქმის მოულოდნელად, თუმცა 2024 წლისთვის უნდა ყოფილიყო. ამის მიზეზიც მე კარგად ავხსენი ჩემს განცხადებაში რომ მზაობა იგრძნობა ახალგაზრდების მხრიდან, მათ აქვთ სურვილი ჩართულობის. მეტი პარტია ჩაერთოს, მეტი პასუხიმგებლობა იყოს, გაინაწილოს და გაიზიაროს, თუმცა მე არ გამოვრიცხავ რომ ჩვენ შეიძლება უმრავლესობითაც მოვიდეთ 2020 წელს და თუ არა და ამისი ალბათობა არსებობს, ნაციონალური მოძრაობის გარდა ჩვენ ალბათ ვითანამშრომლებთ ყველასთან. კონკრეტიკა ვისთან და როგორ 2020ში გამოიკვეთება."- ამბობს ივანიშვილი. 

ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ 24 ივნისს განაცხადა. 

მმართველმა გუნდმა ეს გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო. 

20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, პროტესტის მე-10 დღეს აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. პროტესტის დაწყებისას მათ სამი მოთხოვნა ჰქონდათ: პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წელს, 20 ივნისის ღამეს ყველა დაპატიმრებული მოქალაქის გათავისუფლება და გახარიას გადადგომა. შეუსრულებელი მხოლოდ ეს უკანასკნელია. 

მმართველი გუნდის წევრები, ისევე როგორც გიორგი გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისი გადაგომის საჭიროება არ დგას. 

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. 

პარლამენტთან ადამიანები უკვე 27 დღეა იკრიბებიან და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები