უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

ალანია ჯანეზაშვილს: საბჭოში მეტად ხმამაღალი ხართ, შეურაცხყოფის რეჟიმში ხართ, არ არის ლამაზი

პირველი არხი

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს, 17 ივლისს უზენაესი სასამართლოდ უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ალანიას უსმენს. 

გასაუბრებაზე ალანიას კითხვები სხვადასხვა საკითხზე დაუსვეს, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე, რომლის წევრიც ის წარსულში იყო. 

მან საბჭოს მოქმედი წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე "მეტად ხმამაღალი" პოზიციებისთვის გააკრიტიკა. 

კანდიდატმა თქვა: 

"საბჭოს ის ფორმატი და ეს ფორმატი ცოტა განსხვავდება. აქ მეტად დაძაბულია სიტუაცია და ალბათ მედიაცია/კომუნიკაციის პრობლემაა. თქვენ თქვენი პოზიცია გაქვთ, თქვენ და ქალბატონი ანა ხართ ხოლმე ისეთ სიტუაციაში, სადაც მეტად ხმამაღლა, საზოგადოებასთანაც გადიხართ, კომუნიკაციობთ, ასევე სოციალურ მედიასაც იყენებთ, ცოტა მე მგონია, შეურაცხყოფების რეჟიმშია და ეს არ მომწონს. ვისი ბრალია, როგორია, რა არის, მე არ განვიხილავ და ეს არ არის ჩემი საქმე. უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ არ არის ლამაზი არანაირად და აქ საჭიროა, რომ ახალი ნაბიჯი გადაიდგას, რომ ვთქვათ, რომ კი, თქვენც გაქვთ აზრი, მოსამართლე წევრებსაც აქვთ და ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის, რომ სასამართლო ხელისუფლებას უნდა დავეხმაროთ გაჯანსაღებაში. 

თქვენი ხედვა შეიძლება იყოს ერთი, მოსამართლე წევრების ხედვა შეიძლება იყოს სხვანაირი, რაღაცნაირად ის უნდა დაახლოვდეს. მე არ მიმაჩნია სწორად პოლიტიზაცია და ის, რასაც მე გულით გადმოვცემ, ერთი წინადადება არ შეიძლება იყოს ამოგლეჯილი", - თქვა ალანიამ. 

ალანია ერთ-ერთია იმ 10 მოსამართლიდან, რომელიც 2018 წლის 24 იანვარს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატად დაასახელა, საზოგადოების პროტესტის შემდეგ კი, 21 იანვარს წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით". მოსამართლეობის კანდიდატთა სიის დაკომპლექტება ხელახლა დაიწყო, თუმცა, მასში კვლავ არიან ის ადამიანები, ვის სიაში ყოფნასაც მაშინ როგორც საბჭოს არამოსამართლე წევრები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია აპროტესტებდა. მათ შორის არის თამარ ალანიაც. 

"დეკემბრის საკითხებზე საუბრობთ, როცა მოხდა 10-კაციანი სიის წარდგენა. როგორ ფიქრობთ, დეკემბრიდან ამ დრომდე რა შეიცვალა ჩემს ბიოგრაფიაში, არაფერი, ზუსტად ისე მოვიდოდი და ვისაუბრებდი, მაგრამ მოდი, ასე ვთქვათ, არც საზოგადოებას არ ჰქონდა რამე განსხვავებული მოლოდინი და მეც არ მქონდა. ისტერიის დაწყება, მე მგონი, არ იყო საჭირო", - თქვა მან დღეს გასაუბრებაზე. 

კანდიდატს ნაზი ჯანეზაშვილმა ერთ-ერთ კრიტერიუმზე, მოსამართლის მედეგობაზე, ანუ სიმტკიცეზე ჰკითხა. 

ალიანიამ უპასუხა: 

"როცა დავიწყე მუშაობა მოსამართლედ, შეიძლება ითქვას, რომ დავკარგე ძალიან ბევრი ნათესავი, იმიტომ რომ ყველას რაღაც ინტერესი გააჩნდა. ამიტომ მათთან კონტაქტი შეიძლება ითქვას, შევწყვიტე. შემდეგ, როცა ისინი მიხვდნენ, რომ შეუძლებელი იყო, ჩემთან რამე ურთიერთობა სამსახურთან დაკავშირებით ჰქონოდათ, ეს პრობლემაც მოიხსნა. დღეს ამ მიმართებით არანაირი პრობლემა არ გამაჩნია. 

თუ მხედველობაში გაქვთ ისეთი ადამიანებისგან ზეგავლენა, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, პოლიტიკური ფიგურები და ა.შ, სანამ საბჭოს წევრი გავხდებოდი, არაერთი დაპირისპირება მქონია ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ვგულისხმობ სამართლებრივი საკითხებზე და არასდროს მომრიდებია ჩემი პოზიციის დაფიქსირება. მიმიღია ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხებოდა ვთქვათ სისხლის და სამოქალაქო სამართლის ჭრილში, მაღალი თანამდებობის პირის შვილის ბრალდების საკითხს. მე მიმაჩნია, რომ წარმატებით დავაყენე გამამტყუნებელი განაჩენი, რაც იმ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შემექმნა რწმენა, რომ იყო დამნაშავე, ასევე, სახელმწიფოსთვის დამიკისრებია გარკვეული, საკმაოდ სოლიდური თანხები კონკრეტული პირის სასარგებლოდ".

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. 

დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო ხდება - დღეის მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოში 11 მოქმედი მოსამართლეა. თუმცა, ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ 10 მათგანის დანიშვნაზე ზრუნავს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 10 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის 139 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ. 

კომენტარები