აშშ - ირანი

ირანისგან მომდინარე საფრთხის გამო აშშ საუდის არაბეთში ჯარს გააგზავნის

Military Magazine

პენტაგონში განაცხადეს, რომ რეგიონში მომდინარე "აშკარა საფრთხის" გამო ამერიკის ინტერესების დასაცავად საუდის არაბეთში ჯარს გაგზავნიდნენ.

საუდის არაბეთმა "უსაფრთხოებისა და რეგიონალური სტაბილურობის გაძლიერებისთვის" ამ ნაბიჯს მხარი დაუჭირა. 

ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემასა და 500 ჯარისკაცს საუდის არაბეთში პრინც სულთანის ბაზაზე გააგზავნის. აშშ ასევე F-22 საბრძოლო თვითმფრინავების ესკადრილიის გაგზავნას გეგმავს.

"ამ შეიარაღების გაგზავნა იქნება დამატებითი შემაკავებელი ძალა და  ჩვენ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს, რათა რეგიონში ჩვენი შეიარაღება და ინტერესები აშკარა საფრთხისგან დავიცვათ," - ვკითხულობთ აშშ-ის ცენტრალური სამმართველოს განცხადებაში. 

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები უკანასკნელი თვეების განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული წლის მაისში მიიღო გადაწყვეტილება 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების შესახებ და ქვეყანას სანქციები ხელახლა დაუწესა, ირანულმა მხარემაც განაცხადა, რომ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებენ და ურანის გამდიდრებას აგრძელებენ.

მიმდინარე წლის მაისში კი ტრამპმა ირანს სანქციები გაუმკაცრა და სპარსეთის ყურეში ავიამზიდი და ბომბდამშენები გაგზავნა.

12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ ირანს ადანაშაულებს. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.

20 ივნისს ირანმა ჰორმუზის სრუტის თავზე აშშ-ის სამხედრო დრონი ჩამოაგდო. მათი თქმით დრონი ირანის საჰაერო სივრცეს არღვევდა, თუმცა აშშ-ში ირწმუნებიან, რომ ის საერთაშორისო წყლების თავზე დაფრინავდა და თავდასხმების შემდეგ ტანკერებს აკვირდებოდა. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დრონის ჩამოგდების საპასუხოდ ირანზე სარაკეტო იერიშს განიხილავდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და სანაცვლოდ კიბერ თავდასხმა განხორციელდა.

19 ივლისს ორმუზის სრუტეში, ამერიკელმა სამხედროებმა ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

20 ივლისს ირანის ცენტრალური უსაფრთხოების სამსახურის, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის თანამშრომლებმა ორმუზის სრუტეში ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ერთი და ერთი ლიბერიული ტანკერი დააპატიმრეს. თავდაპირველად მხოლოდ ერთი ტანკერის დაპატიმრების შესახებ იყო ცნობილი, თუმცა მოგვიანებით დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა მეორე ტანკერის დაპატიმრებაც დაადასტურა.

აშშ-ის ფლოტის გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა თქვა, რომ ქვეყანას სურს საერთაშორისო სამხედრო კოალიციის შექმნა, რათა ირანისა და იემენის მიმდებარე წყლები და თავისუფალი გადაადგილება დაიცვას.

მისი თქმით მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან, რომლებსაც პოლიტიკური ნება აქვთ და გეგმას მხარს უჭერენ.

გეგმის მიხედვით აშშ-ის ხომალდები დაზვერვას და მისიების მონიტორინგს განახორციელებენ, ხოლო მოკავშირე ქვეყნების გემები პატრულირებას და სავაჭრო ხომალდების ეკორტირებას. გენერალ დანფორდის თქმით მასშტაბები მოკავშირე ქვეყნების რაოდენობასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

კომენტარები