უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მოსამართლეობის კანდიდატი შესაძლო გარიგებაზე: ყველას გვაქვს აზრთა გაცვლის უფლება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. 

დღევანდელ გასაუბრებზე პირველი მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძეა

მამუკა ვასაძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ჰკითხა იმ ნეპოტიზმისა და დარღვევების შესახებ, რომელსაც, ომბუდსმენის ცნობით, ადგილი ჰქონდა მოსამართლეობის კანდიდატების 50-კაციანი მოკლე სიის მომზადების დროს 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თავდაპირველად წარდგენილი 144-კაციანი სიიდან შემდეგ ეტაპზე, ფარული კენჭისყრით 50 კანდიდატი გადავიდა, სწორედ მათთან ატარებს საბჭო გასაუბრებას და სწორედ ამ სიის შედგენისას გარიგებებზე მიუთითებს ომბუდსმენი, ასევე ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე. 

"თუ მართლაც ასეა და სავარაუდოდ საბჭოს წევრები წინასწარ შეთანხმდნენ და ისე გადაიყვანეს ხალხი შემდეგ ეტაპზე, ეს აჩენს თუ არა კითხვებს იმ კანდიდატის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგ შეიძლება გახდეს მოსამართლე. რამდენად ლეგიტიმური შეიძლება იყოს შეთანხმების საფუძველზე არჩეული მოსამართლე და ეს ხომ არ დაარღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას", - ჰკითხა ვასაძეს ნაზი ჯანეზაშვილმა

სანამ ვასაძე პასუხს გასცემდა, საუბარში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, სერგო მეთიფიშვილი ჩაერთო და კანდიდატს ასეთი კითხვით მიმართა: 

"ეს არის აბსურდული არითმეტიკა, ჩემი აზრით. იცნობთ თუ არა რომელიმე კონსტიტუციურ ორგანოს, სადაც წინასწარი შეთანხმების და კონსულტაციების გარეშე 2-3 ადამიანს შორის და ეს კონსულტაციები ერთმანეთში აკრძალულია. ვინმეს ეკრძალება ერთმანეთში კონსულტაციების გამართვა რაღაც საკითხთან დაკავშირებით? კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ზოგადად მე და ბატონმა რეზო ნადარაიამ, ირაკლი ბონდარენკომ, გავიაროთ კონსულტაციები ვიღაც კანდიდატთან დაკავშირებით, ზოგადად. მოსაზრებები გავცვალოთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ის, რომ გავცვალეთ შეხედულებები, იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შორის შეთქმულებას და წინაწარ შეთანხმებას აქვს ადგილი, ეს ხომ არასერიოზულია. იცნობთ თუ არაკონსტიტუციურ ორგანოს, სადაც წინასწარი კონსულტაციები აკრძალული აქვთ". 

ვასაძემ თქვა: 

"სახალხო დამცველის კვლევას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვიცნობ. საერთო სასამართლოების შესახებ კანონის შესაბამისი მუხლებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის, შეფასების, წარდგენის ​პროცედურები ზედმიწევნით დეტალურად არის გაწერილი. მე აქ წარმოვდექი ამ კანონმდებლობის ზუსტი და ზედმიწევნით დაცვით. რაც შეეხება შეფასებებს ცალკეული კანდიდატების მხრიდან, ეს არის მათი სუბიექტური აზრი. რაც შეეხება დამთხვევებს, ვერ წარმომიდგენია, რას ეფუძნება ეს დამთხვევები რთული მათემატიკური გაანგარიშებით. რაც შეეხება აზრის გამოხატვის უფლებას, ეს არის ერთადერთი თუ ერთ-ერთი ძირითადი უფლება, რაც დაცულია სრული იმუნიტეტით ნებისმიერ ეტაპზე. რაც შეეხება კანდიდატებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ეს არის მათი უფლებამოსილება და უფლებაც. უფრო მეტს ვიტყვი, მათ შორის კოლეგიურად სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების დროს სათათბირო ორგანოში მოსამართლეები პირის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით ერთმანეთთან გადიან კონსულტაციას, აზრთა ჭიდილით გადიან თითოეულ საკითხებს, არის დისკუსია, შეიძლება ერთხმად მიიღონ გადაწყვეტილება, შეიძლება ერთი მოსამართლე განსხვავებული აზრით გამოვიდეს და წარმოადგინოს თავისი თავი.

კონსტიტუციურ ორგანოებს რაც შეეხება, ალბათ ყველა კონსტიტუციურ ორგანოში ჩვენ ადამიანები ვართ, გვაქვს აზრთა გაცვლა-გამოცვლის უფლებაც და შესაძლებლობაც. არის კონკრეტული ჩამონათვალები, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, მოსამართლეთა თათბირის ინფორმაციის გარეთ გამოტანა არის შეუძლებელი, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსამართლეთა თათბირის დროს მათ აზრი არ გაუცვალონ, არ მიიღონ ერთხმად გადაწყვეტილებები ან არ ჰქონდეს რომელიმეს განსხვავებული მოსაზრება". 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს. 

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. 

კომენტარები