უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მოსამართლეობის კანდიდატი ვასაძე თანასწორობაზე, ნარკოპოლიტიკასა და სხვა საკითხებზე

პირველი არხი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს. 

მოკლე სიაში სულ 50 მოსამართლეა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კითხვებს სწორედ მათ უსვამს. მას შემდეგ, რაც ყველა მათგანს მოუსმენს საბჭო პარლამენტს 20 კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს. 

საბჭოს წევრების კითხვებს დღეს ერთ-ერთმა კანდიდატმა, მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, მამუკა ვასაძემ უპასუხა. 

მასთან გასაუბრება 3 საათსა და 46 წუთს გაგრძელდა, სულ დაისვა 93 შეკითხვა, სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის თანასწორობაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, ლგბტ საკითხებსა და ნარკოპოლიტიკაზე. 

თანასწორობა 

კითხვა - საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი:

"რას ნიშნავს თქვენთვის თანასწორობა? და როგორ შეგიძლიათ სამართლებრივად განმარტოთ ეს ტერმინი?

მამუკა ვასაძე: 

"სამართლებრივად თანასწორობა ნიშნავს, ერთ-ერთ ძირითად პრინციპს მართლმსაჯულებაში. სასამართლოს წინაშე ორივე მხარის თანასწორობას უფლებრივად, შესაძლებლობებით და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთგამოკვლევითა და წარმოდგენილი მტკიცებულებების დემონსტრირების შესაძლებლობით". 

ნაზი ჯანეზაშვილი: 

"დემოკრატიულ საზოგადოებაში თანასწორობა რა საჭიროა, თქვენი აზრით?"

​მამუკა ვასაძე:

"დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი თანასწორობის არის ის, რომ დისკრიმინაცია...უთანასწორო გარემო იწვევს დისკრიმინაციას. დისკრიმინაცია ცალკეული პირების სხვადასხვა კანის ფერისა და რასის და ა. შ. ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაცია იწვევს უსამართლობის შეგრძნებას. უსამართლობა არის შეგრძნება, რომელიც ალბათ ყველაზე დიდ ტკივილს აყენებს ადამიანს, აქედან გამომდინარე აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომ ყველა პირს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, ისარგებლოს იმ სიკეთეებით, ჰქონდეს ის უფლებები და თავის კონკრეტული ვალდებულებებიდან გამომდინარე ის ვალდებულებები, რაც მის სტატუსს განაპირობებს მომავალში".

ნაზი ჯანეზაშვილი:

"თქვენი აზრით, რა ტესტები გამოიყენება თანასწორობის საკითხებზე დავების განხილვისას? დავაზუსტებ, რას ნიშნავს თქვენი აზრით რაციონალური დიფერენციაციის ტესტი?"

მამუკა ვასაძე:

"პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად რაციონალურია ის უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც კონკრეტული პირის (მხარის) მიმართ გამოიყენება და რამდენად რელევანტური და პროპორციულია კონკრეტულად იმ საჯარო ინტერესთან, რაც არსებობს კონკრეტულ ქვეყანაში". 

ნაზი ჯანეზაშვილი:

"რას ნიშნავს, თქვენი აზრით, სიძულვილის ენა?"

მამუკა ვასაძე: 

"მკვეთრად უარყოფითი, ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვას კონკრეტული პირების მიმართ ან სხვადასხვა პირების მიმართ" 

გამოხატვის თავისუფლება

ნაზი ჯანეზაშვილი:

"რა შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება? შეზღუდვის საფუძვლები რა არის?"

მამუკა ვასაძე:

"გამოხატვის თავისუფლების შემთხვევაში აზრი დაცულია ყოველგვარი შეზღუდვისგან. გამოხატვის თავისუფლება არ უნდა არღვევდეს სხვის უფლებებსა და რეპუტაციას, არ უნდა ლახავდეს ეროვნულ უსაფრთხოებას, არ უნდა იყოს კანონსაწინააღმდეგო. სხვა ჩამონათვალის გახსენება... გამოხატვის თავისუფლებას ეხება ასევე, თუ სხვა პირის პერსონალური ინფორმაცია გაქვს, ამის გამჟღავნების უფლება არ გაქვს". 

ნაზი ჯანეზაშვილი:

"რას ნიშნავს თქვენი აზრით გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში ცხადი და მყისიერი საფრთხის ტესტი? თუ წაგიკითხავთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ან რაიმე საერთაშორისო გამოცდილება?"

მამუკა ვასაძე: 

"დეტალური განმარტების მიცემა არ შემიძლია, თუმცა ნიშნავს იმას, რომ საფრთხე უნდა იყოს ცხადი და მყისიერი. მაგალითად ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე, თუნდაც ძალადობრივი ქმედებები, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის საფრთხე და ა.შ". 

ნაზი ჯანეზაშვილი:

"რა შემთხვევაში შეიძლება გასცდეს მოსამართლის მიმართ კრიტიკა (თუნდაც ეს იყოს შეურაცხმყოფელი) გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს? რა შეიძლება იყოს ასეთი მაგალითი?

მამუკა ვასაძე:

"გამოხატვის თავისუფლება იქ წყდება, სადაც დანაშაულის ნიშნები შეინიშნება და დანაშაულის ნიშნები არის იქ, სადაც ადგილი აქვს მუქარას და ა.შ". 

ნაზი ჯანეზაშვილი:

"თუ ეცნობით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს და მაგალითად თუ გახსენდებათ რამე გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით? ან ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები?

მამუკა ვასაძე:

"გადაწყვეტილებებს შეძლებისდაგვარად ვეცნობი. ახლა ვიხსენებ მათ შორის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით... ეს არის... არ მახსენდება გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. თუ გამახსენდა გეტყვით". 

ლგბტ საკითხები 

საბჭოს წევრი ირმა გელაშვილი:

"მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ჩატარდა თბილისი პრაიდი, რამაც ხალხში გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია. თუმცა მანამდე აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა მიმართეს ერთ-ერთ მენარდეს და შესთავაზეს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ შესაბამისი წარწერების მქონე მხარდამჭერი ფლაერების დამზადება. მენარდემ უარი უთხრა ხელშეკრულების დადებაზე იმ არგუმენტით, რომ არ დაუჭერდა მხარს ლგბტ პირთა რეკლამირებას. შეაფასეთ მენარდის უარი, რამდენად მართლზომიერად არის გამოყენებული უფლება. თუ შეიძლება არგუმენტიც რომ გვითხრათ, კონტრ-არგუმენტიც და თქვენი, როგორც მოსამართლის შეფასება რა იქნებოდა? როგორ იმსჯელებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და დაირღვა თუ არა კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე უფლება?"

მამუკა ვასაძე:

ჩემი შეხედულება და პირადი განწყობა არის ის, რომ ამოსავალი არის კონსტიტუცია და პირს უფლება აქვს ნებისმიერ პირს მიმართოს და მეორე პირს, ამ შემთხვევაში, უფლება არ აქვს დისკრიმინაციული საფუძვლით უარი თქვას ამა თუ იმ უფლების რეალიზაციაზე.

ნარკოპოლიტიკა

საბჭოს წევრი ლევან გზირიშვილი:

"ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშრებით საზოგადოების ყველა ფენაა ჩართული, საუბარია დეკრიმინალიზაციაზე, უკვე ლეგალიზაციაზეც. თქვენ როგორ ხედავთ, ამ საკითხს?"

მამუკა ვასაძე:

"ამ შემთხვევაში, მე გამოვალ პროკურორული ჩარჩოებიდან და ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიციას წარმოგიდნენთ. მომხმარებლების მიმართ მკაცრი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა ჩემთვის არის მიუღებელი, რადგან მომხმარებლებს უფრო სხვა დაწესებულებების მხრიდან სჭირდება მეტი ყურადღება. რაც შეეხებთ რეალიზატორებს და ა.შ. მათ მიმართ ჩემი მიდგომა არის მკაცრი, რადგანაც ესენი არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მატერიალური ინტერესებით ხელმძღვანელობენ და კანონით აკრძალული ნივთიერებები შემოაქვთ, იძენენ და რეალიზაციას ახდენენ".

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 10 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს. 

მამუკა ვასაძემ დღევანდელ გასაუბრებაზე ამ საკთხზე დასმულ კითხვასაც უპასუხა

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო.

კომენტარები