უკრაინის საპარლამენტო არჩევნები 2019

რა მოხდა უკრაინის საპარლამენტო არჩევნებზე - ხმების 50%-ზე მეტი დათვლილია

ვოლოდიმირ ზელენსკი
Kvartal95

21 ივლისს უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ბოლო მონაცემებით, მოქმედი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, პარტია "ხალხის მსახური" 44.2%-ით ლიდერობს. არჩევნების მაჟორიტარული ნაწილის შედეგები ჯერჯერობით უცნობია. ზელენსკის პარტიას მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, შესაძლოა, კოალიციის შექმნა დასჭირდეს.

ამ დროისთვის ხმათა 50%-ზე მეტი არის დათვლილი. პარლამენტში შესასვლელად 5%-იანი ბარიერი სულ ხუთმა პარტიამ გადალახა. მეორე ადგილზე პრორუსული ოპოზიციური პლატფორმა "სიცოცხლისთვის" გადის 11.4%-ით. ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტიამ "ევროპული სოლიდარობა" კი 8.8% აიღო. ყოფილი პრემიერმინისტრის იულია ტიმოშენკოს პარტიას "მამული" - 7.4% აქვს და ახლადშექმნილ პარტიამ "ხმას" - 6.5%.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ როკ-ვარსკვლავის სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტიასთან შეხვედრა სურდა, რათა კოალიციის შექმნა განეხილა. მან ისიც თქვა, რომ პარტიასთან "ხმა" კოალიციის შექმნა არჩევნებამდე იყო მისი ინიციატივა. პარტიის "ხალხის მსახური" სიაში მეოთხე ნომერმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ კოალიციის შეთანხმების დაახლოებით 70% მზად იყო.

1998 წლის შემდეგ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ "ხალხის მსახური" ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო. მეორე და მესამე ყველაზე დიდი მხარდაჭერა ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის რეგიონების პარტიამ 34.37% 2007 წელს მოიპოვა. 2002 წელს ასევე ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იუშენკოს პარტიამ "ჩვენი უკრაინა" 23.57% მიიღო. პარტიამ "ხალხის მსახური" კიევში ყველა საარჩევნო უბანზე გაიმარჯვა.

არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობა ისტორიაში ყველაზე დაბალი - 49.8% იყო. მაჩვენებელი 2014 წელს - 51.9%, 2012 წელს - 57.5%, ხოლო 1994 წელს - 51.9% იყო.

რადას 225 წევრი პროპორციული წარმომადგენლობით, ხოლო 225 მაჟორიტარული სიით აირჩევა. უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში 199 ერთმანდატიან ოლქში 21-მა პარტიამ და ბლოკმა და მთლიანობაში 5 845 კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. ანექსირებული ყირიმისა და ოკუპირებული დონბასის ნაწილის გამო უკრაინის 26 ოლქში არჩევნები არ ჩატარებულა, რის გამოც უკრაინის მოსახლეობის, დაახლოებით, 12%-მა არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო.

უკრაინის საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს იყო ჩანიშნული, თუმცა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ინაუგურაციის დღეს, 21 მაისს, მთავრობა დაითხოვა. რეიტინგ ჯგუფის 2019 წლის ივნისში 2000 რესპოდენტის გამოკითხვით, მმართველ კოალიციას საზოგადოების 5%-იანი ნდობა ჰქონდა, რადას საქმიანობით კი მოსახლეობის 90% იყო უკმაყოფილო. 

ზელენსკის პარლამენტის წევრებთან არაერთ საკითხზე უთანხმოება ჰქონდა. უკრაინის პარლამენტის წევრებმა ზელენსკის რამდენიმე კანონპროექტის მიღებაზე უარი განაცხადეს. ასევე მათ არ გაითვალისწინეს ზელენსკის მოთხოვნა, მოეხსნათ გენერალური პროკურორი იური ლუცენკო და საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი.

ამავდროულად, ზელენსკის მიერ ადვოკატ ანდრი ბოგდანის დანიშვნას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად საეჭვოდ მიიჩნევენ, რადგან 2010 წლიდან იანუკოვიჩის მინისტრთა კაბინეტში ის მინისტრის მოადგილედ აირჩიეს. 2014 წელს მიღებული ლუსტრაციის კანონით, მას 2024 წლამდე სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება ფორმალურად ეკრძალება. აღსანიშნავია, რომ ის პოროშენკოს მმართველობის დროსაც იკავებდა მაღალ თანამდებობას. ლუსტრაცია პოროშენკოს მთავრობაში სხვა არაერთ პირსაც ეხებოდა. ბოგდანის დანიშვნა ასევე იმიტომ არის საეჭვო, რომ მისი კლიენტი იგორ კოლომოისკი იყო. ოლიგარქთან საეჭვო კავშირი პრეზიდენტსაც აქვს. კოლომოისკი ფლობს ქვეყნის ერთერთ ყველაზე გავლენიან არხს "1+1" ფლობს, რომელიც ზელენსკის კამპანიას უჭერდა მხარს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზელენსკის ამომრჩეველთა 73.22%-მა დაუჭირა მხარი. ზელენსკი პარტია "ხალხის მსახური" ევროკავშირისა და ნატოს მომხრე პარტიაა, პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ კორუფციის დასამარცხებლად ქვეყანაში რადიკალურ ეკონომიკურ, სასამართლო, პოლიციის რეფორმებს ჩაატარებდა. მას ასევე საჯარო მოხელეთა რიცხვის შემცირება სურს. ერთერთი მნიშვნელოვანი დაპირება არის ის, რომ რუსეთთან მიმდინარე ომს დიპლომატიის მეშვეობით დაამარცხებდა, თუმცა უცნობია როგორ აპირებს ამის განხორციელებას.

ცენტრისტული მემარცხენე იდეოლოგიის პარტია "სიცოცხლისთვის" 2018 წლის დეკემბერში შეიქმნა. პარტიის შემადგენლობაში არიან ყოფილი ვიცე პემიერმინისტრი იური ბოიკო და იანუკოვიჩის მთავრობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სერგი ლევოჩკინი. პარტიის მესამე ნომერი არის ოლიგარქი ვიქტორი მედვედჩუკი, რომელიც 2014 წელს აშშ-ისა და კანადის სანქციის სიაში მოხვდა. მედვედჩუკი უკრაინის ორ ცნობილ სატელევიზიო არხს "112 Ukrayna" და "NewsOne" ფლობს. მან ბოლო დროს მესამეც "zik" იყიდა, რის გამოც უკრაინის მედია ბაზრის მონოპოლიზაციაში სდებდნენ ბრალს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მედვედჩუკის უმცროსი ქალიშვილის ნათლიაა. ოპოზიციური პლატფორმა კრემლის პოლიტიკას ღიად უჭერს მხარს, ევროკავშირისა და ნატოს ეწინააღმდეგება. პარლამენტში მოხვედრით პარტიას სურს გაიწვიოს ლუსტრაციის, განათლებასა და უკრაინული ენის კანონები. პარტიული პროგრამით, ისინი ეთნიკური უმცირესობების დაცვასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური ბლოკადის შეჩერებას აპირებენ.

წინასწარი შედეგებით პარტიამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მოიგო. ქალაქ სლავიანსკში პრორუსულმა პარტიამ "სიცოცხლისთვის" 66,72% მიიღო.

ამჟამინდელი შედეგებით, პარტიამ "ხმა" ლვოვის ოლქი მოიგო. უკრაინელმა როკ ვარსკვლავმა, ოკეან ელზის სოლისტმა და პოლიტიკოსმა ვაკარჩუკმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. თუმცა, ზელენსკის არჩევის შემდეგ  ლიბერალური იდეოლოგიის, ევროკავშირისა და ნატოს მომხრე პარტია "ხმა" დააარსა და უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. 

ვაკარჩუკი 2007 წელს პროევროპულ ბლოკთან ერთად ჩვენი უკრაინა - ხალხის თავდაცვა პარლამენტში შევიდა თუმცა შიდა უთანხმოების გამო ერთი წლის შემდეგ თანამდებობიდან წავიდა.

პარტია მხარს უჭერს მცირე და ეფექტურ მთავრობას. მათივე თქმით, უკრაინის ეკონომიკაში, მედიასა და მთავრობაში ოლიგარქების გავლენას შეებრძოლებიან. მის გუნდში  კორუფციის მოწინააღმდეგე არაერთი აქტივისტია, რომლებსაც პოლიტიკაში გამოცდილება არ აქვთ - მათ შორისაა უკრაინის საერთაშორისო გამჭვირვალობის ყოფილი ხელმძღვანელი იაროსლავ იურჩიშინი.

მოსახლეობის ხმათა 10%-ზე ნაკლები აიღეს ყოფილი პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის პარტიებმა, მაშინ, როდესაც 3 თვის წინ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პოროშენკომ 15.95%, მეორე ტურში კი - 24.45% აიღო. ტიმოშნეკოს კი პირველ ტურში ამომრჩეველთა 13.4%-მა  დაუჭირა მხარი. საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. საპარლამენტო არჩევნებამდე პოროშენკომ განაცხადა, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, მზად იყო ქვეყნის პრემიერმინისტი გამხდარიყო.

აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ არსებული 102 უბნის 100% დათვლილია, სადაც "ევროპულმა სოლიდარობამ" 29.5%-ით გაიმარჯვა, ზელენსკის პარტიამ "ხალხის მსახური" 28.1% აიღო, ვაკარჩუკის პარტიამ "ხმა" კი - 19.6%. პრორისულმა პარტიამ სიცოცხლისთვის საზღავრგარეთ ამომრჩეველთა 3.6%-მა დაუჭირა მხარი. 

დარჩენილი ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ცენტრისტული მემარჯვენე პარტია "ძალა და ღირსება" - 4.3%, პრორუსული ცენტრისტული მემარცხენე "ოპოზიცური ბლოკი" - 3.3%, ვიდეო ბლოგერისა და ყოფილი ჟურნალისტის "შარიას პარტია" - 3.1%, მემარცხენე "ოლეგ ლიაშენკოს რადიკალური პარტია" 2.8%, ყოფილი პრემიერმინისტრის გროისმანის პარტია "უკრაინის სიძლიერე" - 2.2%, ულტრამემარჯვენე პარტია "თავისუფლება" - 2.1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა 2%-ზე ნაკლებმა დაუჭირა მხარი.

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებზე მიხელ სააკაშვილის პარტიამ "ახალი ძალების მოძრაობა"- 0.47% მიიღო. არჩევნებამდე ორი დღით ადრე სააკაშვილმა ამომრჩეველს მოუწოდა პარტიული სიით ზელენსკის პარტიისთვის დაეჭირათ მხარი, ხოლო მაჟორიტარებად მისი პარტიის კანდიდატები აერჩიათ.

უკრაინაში მოქმედი კანონის თანახმად, ნებისმიერი პარტია, რომელიც 2%-იან ბარიერს გადალახავს მომავალი 5 წლის მანძილზე სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებს. 

კომენტარები