პუერტო რიკო

პუერტო რიკოში აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს

Getty Images

პუერტო რიკოში შეურაცხმყოფელი მესიჯების გამო გუბერნატორის გადადგომას ათასობით ადამიანი ითხოვს. გუბერნატორის რეზიდენციის წინ შეკრებილთა დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

მიუხედავად იმისა, რომ გუბერნატორი რიკარდო როსელო მმართველი "ახალი პროგრესული პარტიის" პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, ის გუბერნატორის სავარძლის დატოვებას არ აპირებს. როსელო მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მომავალ წელს არჩევნებში კენჭს აღარ იყრის, თუმცა მისი გადადგომის მოთხოვნით აქციები და გაფიცვა კვლავ გრძელდება.

როსელოს წინააღმდეგ პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 13 ივლისს გამოქვეყნდა გუბერნატორსა და მისი შიდა წრის წარმომადგენლებს შორის მიმოწერის ასობით გვერდი, რომლებიც ოპონენტების და კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიმართ ჰომოფობიურ და სექსისტურ მესიჯებს შეიცავდა. მიმოწერაში ასევე იყო ხუმრობა 2017 წლის სექტემბერში კუნძულს თავს დამტყდარი ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა შესახებ.

აქციებს შეუერთდნენ ცნობილი პუერტო რიკოელი ხელოვანებიც, მათ შორის რიკი მარტინიც, რომელის შესახებაც იყო ჰომოფობიური მესიჯები გავრცელებულ მიმოწერაში.

"ისინი დასცინიან ჩვენ მკდრებს, ისინი დასცინან ჩვენს ქალებს, დასცინიან ჩვენს ლგბტ თემს, ხალხს ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემებით, ჭარბჭონიანებს. საკმარისია!" დაწერა მან საკუთარ ტვიტერზე.

თავად როსელო კი ამბობს, რომ მესიჯები უკანონოს არაფერს შეიცავს:

"შეცდომები დავუშვი და ამისათვის ბოდიში მოვიხადე. მე კარგი კაცი ვარ, რომელსაც თავისი კუნძული და ყველა უყვარს." თქვა მან.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ როსელო საშინელი გუბერნატორია. მან ასევე გააკრიტიკა ქალაქ სან ხუანის მერიც, რომელიც ტრამპის კრიტიკით გამოირჩევა.

მიუხედავად ამისა თეთრ სახლს როსელოსათვის ოფიციალურა არ მოუწოდებია თანამდებობა დატოვოს.

როსელოს ადმინისტრაცია მესიჯების გავრცელებამდე კორუფციულ სკანდალში იყო გახვეული.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მთავრობის არაერთი წევრი, მათ შორის განათლების მდივანი კორუფციისა და ქარიშხლის შედეგებთან გასამკლავებლად გამოყოფილი თანხების გაფლანგვის გამო დააკავა.

დემონსტრანტთა ნაწილს პლაკატები უჭირავთ წარწერით 4,645, რაც, ჰარვარდის კვლევის მიხედვით ქარიშხალ მარიას შედეგად დაღუპულთა რიცხვია. როსელოს ადმინისტრაციამ დაღუპულთა ოფიციალურ რაოდენობად 64 გამოაცხადა, თუმცა შემდგომ ეს რიცხვი 2,975-მდე გაზარდა.

კომენტარები