სახელმწიფო ბიუჯეტი

IDFI: 2017 წელს ჭიდაობის ფედერაციისთვის გადარიცხული თანხიდან 800 ათასი ლარი გაქრა

wrestling.ge

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში კორუფციულ რისკების საკითხზე მომზადებული კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევის შედეგებით, ცნობილი ხდება, რომ 2017 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ფედერაციისთვის გადარიცხულ და უკან დაბრუნებულ თანხებს შორის დარღვეულია ბალანსი. 

კერძოდ, 2017 წელს სამინიტროდან ფედერაციისთვის გადარიცხული 1,786,835 ლარიდან უწყებამ წლის განმავლობაში 782,785,38 ლარი გახარჯა, უკან დააბრუნა 173,001,62 ლარი, ხოლო 831 ათას ლარზე ინფორმაცია მოწოდებული არ არის.

კვლევაში ვკითხულობთ: "ამ თანხებს შორის სხვაობა, 831 ათას ლარზე მეტის მიზნობრიობა გაურკვეველია. ანგარიშებში ჩანს მხოლოდ სამინისტროს მიერ ფედერაციისათვის თანხის გადარიცხვა, თუმცა არც შემდგომი ხარჯვა და არც უკან დაბრუნება ამ თანხის შემთხვევაში არ ფიქსირდება. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ჭიდაობის ფედერაციის მხრიდან დოკუმენტაციის არასრულად. წარდგენა სამინისტროსათვის, ან სამინისტროს მიერ არასრული ანგარიშის მოწოდება IDFI-სთვის."

როგორც კვლევაშია აღნიშნული ეს ბალანსია დარღვეულია 2018 წლის მონაცემებითაც და სხვაობა 8 ათას ლარს შეადგენს. კვლევის მიხედვით ბალანსი დაცულია 2015-2016 წლებში.

 

კომენტარები