უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

კანდიდატი, რომელიც საბჭოს წევრის ცოლის ძმაა, ინტერესთა კონფლიქტზე კრიტიკას დევნას უწოდებს

უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ განმწესების მსურველი ლევან თევზაძე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა, ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ნაზი ჯანეზაშვილის კრიტიკას დევნას უწოდებს. 

საბჭოს არამოსამართლე წევრი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ საუბრობს, თუმცა, არც თევზაძე, არც შენგელია და არც სხდომის წამყვანი, დიმიტრი გვრიტიშვილი ამ აზრს არ იზიარებს.

ლევან თევზაძე: ვინაიდან თქვენ ვერ მისაბუთებთ მე და ახდენთ შეგნებულად პროცესის დისკრედიტაციას, მაქვს საფუძველი, რომ თქვენ ახორციელებთ ჩემ დევნას, ჩემი საბჭოში მოღვაწეობასთან და იმ კრიტიკულ შენიშვნებთან დაკავშირებით, რომელთაც მე საჯაროდ ვაფიქსირებდი. შესაბამისად, მე მაქვს სრული საფუძველი, აგიცილოთ დღეს, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ და ოლიმპიური სიმშვიდით გიპასუხებთ ყველა იმ კითხვაზე, რაც ჩემ მიმართ გექნებათ. თუმცა, მაქვს სრული საფუძველი, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩემს განვლილზე საბჭოში, სადაც მე თქვენ არ გაძლევდით საშუალებას, უსაფუძვლო ბრალდებები გეჟღერებინათ როგორც ჩემი, ასევე ჩემი კოლეგების მიმართ, გამოვხატავდი საჯაროდ პოზიციებს მოსამართლეთა დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, მაქვს საფუძველი, განვაცხადო, რომ შეგნებულად ახდენთ ჩემ დისკრედიტაციას ჩემი ამ მოღვაწეობის გამო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. 

ნაზი ჯანეზაშვილი: ძალიან სერიოზული ბრალდებებია, რაც თქვენ ახლა თქვით და აუცილებლად უნდა გკითხოთ, რას ნიშნავს თქვენს დევნას ვახორციელებ? ძალიან ხმამაღალი ნათქვამი ხომ არ არის. მე თქვენ შესახებ რა განცხადებებიც მაქვს მაქვს გაკეთებული, ეხება თქვენ მონაწილეობას კონკურსში, იმას, რომ ლევან მურუსიძე არის თქვენი შემფასებელი და ეს არის ჩემი აზრით, ინტერესთა კონფლიქტი. მოსამართლის რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ მას ადამიანები, რომლებიც სასამართლოში მოდიან, ენდობოდნენ. სასამართლოსთვის არის მნიშვნელოვანი, მე თქვენი პირადი ინტერესები კი არ მაინტერესებს. მე მაღელვებს, ამ ქვეყანაში როგორი სასამართლო იქნება და იქნება თუ არა და იმ სასამართლოში, სადაც ოჯახურ ბიზნესად აქცია ირაკლი შენგელიამ და თქვენ მოსამართლის წარდგენა და დანიშვნა, შერჩევა და ა.შ ეს ჩემთვის არის მიუღებელი, საბჭოს წევრი ვარ და ამაზე ვაკეთებ განცხადებას. ეს დევნა გგონიათ თქვენ?  

ლევან თევზაძე: ჩემთვის არის მიუღებელი ის, რომ თქვენ მაყენებთ შეურაცხყოფას და ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ. 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს.

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრათლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ.

ნეპოტიზმის, გარიგებებისა და კლანურობის გამო ჯანეზაშვილი და დოლიძე კონკურსის შეწყვეტას და მის ხელახლა გამოცხადებასაც ითხოვდნენ. 

კომენტარები