ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება

ვაშაძე ოქრუაშვილზე: აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან

"აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან და არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას ოპოზიცია დაატეროროს" - თქვა გრიგოლ ვაშაძემ "გამარჯვებული საქართველოს" პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო და იზრდება პოლიტიკური პატიმრების რიცხვი. ვაშაძის თქმით, ერთ-ერთი მათგანი "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გახდა, რომელიც გუშინ დააკავეს.

"საღამოს 7დან დილის 7 საათამდე ვიყავი რუსთაველზე და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მას არავითარი ძალადობა არ დაუგეგმია, არავითარი კოსულტაციები სახელმწიფოს გადატრიალების მიზნით არ დაუგეგმია და მონაწილეობა არ მიუღია, არავითარი ჯგუფი არ შეუქმნია, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. იგი იცავდა რუსთაველის პროსპექტზე კონსტიტუციურ უფლებებს მოქალაქეების და ჩვენი სახელმწიფოს ღირსებას. აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან და არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას ოპოზიცია დაატეროროს" - ამბობს ვაშაძე.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით გუშინ, 25 ივლისს, დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ირაკლი ოქრუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

კომენტარები