უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მშვენიერაძე: FACEBOOK ტროლები გაააქტიურეს, რადგან გამოჩნდა, რომ მართლმსაჯულების სისტემა ჭაობშია

0 კომენტარი
გიორგი მშვენიერაძე ფოტო: თეორემა/ტაბულა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში ფეისბუქზე ტროლები გაააქტიურეს. გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ დაინახა მართლმსაჯულების სისტემაში არსებული სიტუაცია და ვითარების გამოსწორებას არა რეფორმებზე ფიქრით, არამედ ტროლების გააქტიურებით ცდილობს.

"იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის საჯაროობამ, გაცილებით მეტ ადამიანს დაანახა ის ჭაობი, რომელშიც ჩვენი მართლმსაჯულების სისტემაა. უვადოდ დანიშნული მოქმედი მოსამართლეები ელემენტარულ სამართლებრივ კითხვებს ვერ პასუხობენ (მცირე გამონაკლისის გარდა), არიან აგრესიულები, არ ესმით საკუთარი სტატუსის მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა. საბჭოს მოსამართლე წევრების შესახებ სხვა დროს დავწერ. ხელისუფლებამაც დაინახა ეს ყველაფერი და გადაწყვიტა ამის წინააღმდეგ ზომების მიღება. ოღონდ არა რეფორმებზე ფიქრით, არამედ ტროლების გააქტიურებით", - წერს მშვენიერაძე ფეისბუქზე.

იურისტის თქმითვე, ეს ტროლები სასამართლო საკითხებს კარგად იცნობენ, რაც აძლევს საფუძველს იფიქროს, რომ ისინი ამ სისტემიდან იმართებიან.

"ამ ტროლებს, სამიზნეში განსაკუთრებულად ჰყავთ ამოღებული ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე. ასევე თავს ესხმიან არასამთავრობო ორგანიზაციებს და ცდილობენ ალტერნატიული რეალობის შექმნას იმ "ფეიჯებზე", რომლებზეც სასამართლოს საკითხები შუქდება. ფაქტია, რომ ეს ტროლები სასამართლო სისტემას შიგნიდან კარგად იცნობენ, რაც საფუძვლიანად მაფიქრებინებს, რომ ისინი თავად სასამართლო სისტემიდან იმართებიან ან მათთან კოორდინაციაში არიან", - წერს მშვენიერაძე.

ამასთან, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ რამდენიმე ტროლის იდენტიფიცირება უკვე მოხდა და მათ შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას ავრცელებს:

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. დღეში გამოიკითხება 3 კანდიდატი. გასაუბრება დილის 10 საათზე იწყება და საშუალოდ 12 საათს გრძელდება.

საბჭომ სულ 50 კანდიდატი უნდა გამოკითხოს, მათგან 20-ს კი პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს.

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრათლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ.

ნეპოტიზმის, გარიგებებისა და კლანურობის გამო ჯანეზაშვილი და დოლიძე კონკურსის შეწყვეტას და მის ხელახლა გამოცხადებასაც ითხოვდნენ.

გასაუბრებების შესახებ წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები