თიბისი ბანკის საქმე

"რაც ბიზნესს ვაკეთებთ, კანონი არ დაგვირღვევია" - ხაზარაძე და ჯაფარიძე სასამართლოში მივიდნენ

თიბისი ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდნენ. სასამართლომ დღეს მათი აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა მილიონ-მილონ ლარიან გირაოს ითხოვს.

"გავიგეთ პრესიდან, რომ თურმე მილიონ ლარს გვთხოვენ. ეს არის დღევანდელი მთავრობის და დღევანდელი პოლიტიკის შედეგი, როცა მილიარდ ლარიან ინვესტიციას ბადრის და მამუკას ორ მილიონ ლარში ცვლიან. აღარ ვლაპარაკობ რეპუტაციაზე, ნდობაზე და საერთოდ იმ გაუგებარ პოზიციაზე, რომელიც სამწუხაროდ დღეს ჩვენს ხელისუფლებას აქვს. ჩვენ ვართ კანონმორჩილი ადამიანები. არასდროს კანონი არ დაგვირღვევია ბოლო 29 წლის განმავლობაში, რაც ბიზნესს ვაკეთებთ და იმიტომ შევქმენით ისეთი ძლიერი გუნდი, რომლითაც დღეს ვართ წარმოდგენილები", - თქვა მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში შესვლამდე.

თიბისი ბანკის დამფუძნებელმა ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურამ "უნიჭო განცხადებებით" ქვეყნის ეკონომიკას ბოლო ორ დღეში და გასულ 6 თვეში უზარმაზარი ზარალი მიაყენა.

"პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მე და ბადრი ჯაფარიძე ვეფარებოდით თიბისი ბანკს და ანაკლიას იმისათვის, რომ გაადაგვეფარა და იმუნიტეტად გამოგვეყენებინა ეს ორი უზარმაზარი კომპანია, რომელიც ჩვენ შევქმენით. ბოლო 6 თვის განმავლობაში ორჯერ მოგვიწია გადადგომა ამ უპასუხისმგებლო, აბსოლუტურად ქვეყნის საზიანო ქმედებებიდან გამომდინარე, რომელმაც არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მოჭრა ქართულ საინვესტიციო გარემოს თავი. მეორე გადადგომა იცით, რომ გუშინ განვახორციელეთ, მას შემდეგ, რაც ჩვენმა ინვესტორებმა 98%-ით აგვირჩიეს. ამას მოჰყვა ის ფაქტი, რომ 5-წუთიანი დოკუმენტის და მასალის გადმოსაცემად პროკურატურამ მესამედ ჩაატარა ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ბრიფინგი, რომელმაც ქართულ ეკონომიკას დააკარგვინა ისედაც მყიფე საინვესტიციო რეპუტაცია, ძალიან მსხვილი ინვესტორები და ქართულ კომპანიებს, რომლებიც ლონდონის ბირჟაზე არიან, ორი დღის განმავლობაში დაუგდო ღირებულება დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობით", - აღნიშნა ხაზარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების შესახებ ამ წუთებში მსჯელობს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინა. ამ დრომდე, პროკურატურა არ ასახელებდა რას ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით. დღეს ადვოკატმა თქვა, რომ უწყება ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის მილიონ-მილიონ ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

-----

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

2019 წლის 14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტია. ამასთან, ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საკითხის შესწავლისას გამოვლინდა "თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტი, რაც მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევაა".

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მუქარის წერილი გაუქზავნა.

"არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება [გიორგი გახარია], რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევასრულეთ. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება,"- თქვა მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის მოსმენაზე. 

9 ივლისს კი მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს.

კომენტარები