ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს

რუსთავი 2

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი თბილისის საქალაქო გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ დღეს გაასაჩივრებს.

მამუკა ჭაბაშვილი სააპელაციო სასამართლოში პატიმრობის გირაოთი ან თავდებით შეცვლის შესახებ შუამდგომლობას დააყენებს.

"გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას, რომელიც აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. კონკრეტული მტკიცებულებები, კონკრეტული არგუმენტები გვაქს და წესით და რიგით ობიექტური ნებისმიერი დამკვირვებელი დარწმუნდება იმაში, თუკი ჩახედავს საქმეს, რომ ეს ღონისძიება, პატიმრობა იყო ძალიან მძიმე, უკიდურესი და ამის საჭიროება არ არსებობდა. თუ მაინც ჩათვლის სასამართლო, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ვერ დატოვებს და რაღაც უნდა გამოიყენოს, ალტერნატივა გირაოს სახით ან პირადი თავდებობის სახით", - უთხრა ადვოკატმა რუსთავი 2-ს.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა მოსამართლე მაკა გველესიანმა 27 ივლისს შეუფარდა. ამის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი #9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავებიან. 

20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, მათ შორის, დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური.

20 ივნისის აქცია შსს-მ ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი. მათ შორის სამმა თვალი დაკარგა. თვეზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. თავად გახარია ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს.

კომენტარები