სოვლაბი

ბრძანება N00447- ინგოროყვას 22 ნომერთან საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა გვარები წაიკითხეს

0 კომენტარი
ფოტო: Tabula

აბაშიძე დავით, ვლადიმერის ძე, 1889 წელი; აბულაძე მიხეილ, ალექსანდრეს ძე, 1896 წელი; აბულაძე სამსონი, თომას ძე, 1882 წელი; აზატიანი არმენა, სერგოს ძე, 1883 წელი; აღდგომელაშვილი ლევანი, მოსეს ძე, 1890 წელი; ახობაძე რაინოს, ვარდენის ძე, 1905; ბაბილევი ივანე, სტეფანეს ძე, 1918; ბადრიაშვილი გიორგი, გიორგის ძე, 1904; ბაირამაშვილი გიორგი, ესხასის ძე, 1892; ბალაიანი მიხეილ, სიმონის ძე, 1873 წელი; - ეს იმ ადამიანთა არასრული სიაა, რომლებიც 1937 წლის 30 ივლისის ბრძანება N00447-ს ემსხვერპლნენ.

მათი სახელები და გვარები დღეს, 30 ივლისს, პავლე ინგოროყვას 22 ნომერთან, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით მოქალაქეებმა წაიკითხეს და ასევე, სადარბაზოს შემოსასვლელში გააკრეს ბრძანება N00447-ის პირველი ტექსტი.

ბრძანება N00447 სწორედ ინგოროყვას 22 ნომერში გასცეს.

1937 წლის 30 ივლისს სსრკ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ბრძანება N00447 გამოიცა, რის შემდეგაც ათასობით ადამიანი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

რეპრესირებულების საქმეების განხილვა დაჩქარებული წესით დაიწყო, ამას უზრუნველყოფდა ე.წ. “ტროიკა”, რომელიც არასასამართლო ორგანო იყო და სასამართლო პროცედურების გარეშე ადამიანების სიცოცხლეს წყვეტდა.

ღონისძიების ორგანიზატორებმა ამ ადგილის ისტორულ მნიშვნელობასა და ბრძანების არსზე ისაუბრეს.

“ბრძანებამ მიმდინარე რეპრესიებს სრულიად სხვა განზომილება შეძინა, იქიდან გამომდინარე რომ მან მაშინდელ ხელისუფლებას ხელ-ფეხი გაუხსნა, რომ შეექმნათ ე.წ. სამეულები. ბრძანებამ ადამიანთა დაპატიმრება, რეპრესიები, არაადამიანური მოპყრობა, შემდეგში გადასახლება და არნახული უსამართლობა განაპირობა. ბრძანებას ჩეკისტების ენაზე “კულაკური” ეწოდება, ვინადაინ პირველი სამიზნე ჯგუფი იყვნენ გადასახლებიდან მობრუნებული გლეხები. შემდგომში ამ ბრძანებამ ერთგვარი გამაერთიანებლის ფუნქცია შეითსავსა, იმიტომ, რომ ყველა ბრძანება გაერთიანდა ბრძანება N00447-ის ქვეშ. ამ ბრძანებამ საქართველოში დაახლოებით 21 ათას ადამიანამდე იმსხვერპლა და ეს ბრძანება ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელია, რადგან ამ სამეულის სხდომის ოქმებში გადაწყვეტილება “გათავისუფლდეს” პრაქტიკულად არ არის. თუ სადმე წერია გათავისუფლება, ხშირად შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის წარმომადგენლები ამ გათავისუფლებულ ადამიანებზე შემდგომში არნახულ ზეწოლას ახდენდნენ, იმისათვის, რომ მათ ხელი ე.წ. თანამშრომლობისთვის მოეწერათ. მათ, აგრეთვე, აწერინებდნენ ხელს, რომ ნანახი და მოსმენილი გარეთ არ გაეტანათ. პირველი კატეგორია დახვრეტა იყო, ხოლო მეორე კატეგორია შრომა-გასწორებით კოლონიებში გადაყვანა იყო. ამ ბრძანების შემდეგომ რადმენიმე ათასი ადამიანი უბრალოდ დაობლდა, დაპატიმრებულთა ცოლებიც შრომა-გასწორების კოლონიებში გადაასახლეს. ეს არის ბრძანება, რომლიდანაც დიდი ადამიანური ტრაგედიები იწყება და აღწვს მის ზენიტს აღწევს”,- თქვა ისტორიკოსმა დავით ჯიშკარიანმა.

რეპრესიები აბსოლუტურად ყველას შეეხო: გლეხებს, მეცნიერებს, დიასახლისებს, მაღალი თანამდებობის პირებს, სამხედროებსა და რიგით მოქალაქეებს.

“ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ჩეკას საგარეო კომისიის სახლის სადარბაზო, თბილისში ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილია, რომელიც მოწმეა, ცოცხალი სიმბოლო და ნიმუშია, რომელიც საბჭოთ ტერორს სრულად ასახავს. 1921 წლის მარტიდან 1932-33 წლებში საბჭოთა ტერორის მანქანა სოწრედ ამ სადარბაზოში იყო განთავსებული.

2011-12 წლებიდან მოყოლებული ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ეს ხსოვნის ადგილი და სამუზეუმო სივრცე უნდა იყოს. სახელმწიფოს, ქალაქს თავმოყვარეობა და რესურსი უნდა ეყოს, რომ ეს ადგილი შეინარჩუნოს, როგორც უსიტყვო მოწმე. ამ სახლის სარდაფში გატარებული 10-15 წუთი მოქალაქეს ეუბნება გაცილებით მეტს, ვიდრე მთელი სალექციო კურსები. აქ მოქალაქე საკუთარი თვალით ხედავს ადგილს, სადაც ეს ადამიანები იყვნენ, მათ უკანასკნელ ნაწერებს, სახელებსა და გვარებს კედლებზე”,- აღნიშნავს მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები