თანხების გაფლანგვა

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქუმსიშვილს და ალავიძეს თანხის გაფლანგვის საქმეზე ისევ გამოკითხავენ

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ყოფილ მინისტრებს, დიმიტრი ქუმსიშვილსა და ზურაბ ალავიძეს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე პროკურატურაში კვლავ დაიბარებენ.

ტელევიზიის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქართვლოში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, რომლებსაც ეჭვი აქვთ, რომ ავტობანის მშენებლობის პროექტზე ყოფილმა მაღალჩინოსნებმა გაფლანგეს ან მიითვისეს თანხები.

ამ თემაზე დღეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს საქართველოს პრემიერმინისტრს, რომელმაც აღნიშნა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

"საქართველოში კანონის წინაშე ყველა თანასწორნი ვართ. დამატებით ინფორმაციას სამართალდამცავი უწყებები მოგაწვდიან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით", - უთხრა მედიას მამუკა ბახტაძემ.

ტაბულა საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. კითხვაზე, იგეგმება თუ არა უახლოეს პერიოდში ქუმსიშვილისა და ალავიძის გამოკითხა, უწყების პრესსამსახური პასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე ყოფილი მინისტრები პროკურატურაში დაახლოებით ერთი წლის წინ გამოკითხეს. გამოძიებას კითხვები, სავარაუდოდ, გზების დეპარტამენტში დადებულ გარიგებებთან დაკავშირებით აქვს.

კომენტარები