ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

პროპორციულზე გადასვლის გარდა, კიდევ რა ცვლილებები შევა საარჩევნო კოდექსში - სია

ტაბულა

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, დღეს, 5 აგვისტოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი წარადგინა. 

დოკუმენტის მიხედვით, ცვლილებები შეეხება არამხოლოდ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, არამედ სხვა პარტიების დაფინანსებას, საეთერო დროსა და სხვა საკითხებსაც. 

წარმოგიდგენთ იმ ცვლილებათა პაკეტს, რომელსაც ქართული ოცნება გეგმავს:

"1. კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით 2020 წელს.

2. შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია თუნდაც მხოლოდ ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად. ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით. მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას. 

3. პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება, კვლავაც მიიღებს 30%-იან დანამატს, რაც საერთო დაფინანსებაში ძალიან სოლიდურ ბონუსს წარმოადგენს. 

4. უფასო საეთერო დრო სამართლიანად და თანაბრად გადანაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე, დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის. სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი. 

5. ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მეტი ადგილები კომისიაში, ვიდრე მმართველ პარტიას. 

6. წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებბიუროკრატიული. 

7. პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5 000 მხარდამჭერის ხელმოწერით, ხოლო მხარდამჭერთა სიების გადამოწმების მექანიზმი მარტივდება. 

8. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი არაუგვიანეს არჩევნებამდე 6 დღისა და თითოეული ოლქი ვალდებული იქნება, რომ მინიმუმ, ორი ადაპტირებული უბანი ჰქონდეს იმ პირებისთვის, ვისაც აქვთ განსაკუთრებული საჭიროებები. 

9. დარეგულირდება ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესი და ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად მიჩნეული, თუ მონიშნული არ იქნება არცერთი ან მონიშნული იქნება ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი,"- თქვა თალაკვაძემ. 

მისივე თქმით, ამ ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერა და მათი მხრიდან პასუხისმგებლობის გაზიარება დასჭირდება. 

"ჩვენი მხრიდან, როგორც ხედავთ, არის პოლიტიკური ნება და მზადყოფნა, გავატაროთ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმა. როგორც ხედავთ, ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციები არის გათვალისწინებული. ასევე, შეგახსენებთ, რომ ამ ცვლილებებს დასჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის გაზიარება მათი მხრიდანაც,"- ამბობს თალაკვაძე. 

ქართული ოცნების მხრიდან ნახევრად პროპორციული სისტემიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას წინ უძღოდა გავრილოვის ღამე და მრავალათასიანი პროტესტი რუსთაველის გამზირზე, რომლის ერთერთი მთავარი მოთხოვნაც სწორედ პროპორციული არჩევნები იყო. 

ასევე წაიკითხეთ, რა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა და რით განხსვავდება ის დღევანდელი მოდელისგან. 

კომენტარები