ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგელი სტუდენტი ლაზერის ტარების გამო დააკავეს, მომიტინგეებმა კი ლაზერ-შოუ მოაწყვეს

მას შემდეგ, რაც ჰონგ-კონგელი აქტივისტი ქეით ფონგი ლაზერის ტარების გამო დააკავეს, ასობით ჰონგ-კონგელმა აქტივისტმა, ათასობით მომიტინგესთან ერთად, ციმ შა წუეის მუზეუმის გარეთ ლაზერ-შოუ მოაწყვეს.

6 აგვისტოს სტუდენტსა და აქტივისტს ფონგს პოლიციამ განუცხადა, რომ მათ დაინახეს თუ როგორ ყიდულობდა ფონგი ათ ცალ ლაზერს. პოლიციის თქმით, ლაზერი "თავდასხმითი იარაღია".

"დავიბრუნოთ ჰონგ-კონგი, ჩვენი დროის რევოლუცია!" - გაიძახდნენ მომიტინგეები.

ჰონგ-კონგელ აქტივისტებს დარბევის დროს პოლიციისა და სახის ამომცნობი კამერების ასარიდებლად არაერთხელ გამოუყენებიათ ლაზერები.

უკვე ორი თვეა, რაც ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი იმ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, რომლითაც დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება - ისინი კერი ლამის გადადგომას, კანონის სრულ გაწვევასა და მეტ დემოკრატიას ითხოვენ.

მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც აქ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

 

კომენტარები