რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმინისტრის განკარგულების შესაბამისად, დროშა დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზეც.
რუსეთ-საქართველოს ომი 11 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კონფლიქტი 8 აგვისტოს დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდის სასაფლაოზე ყოველ წელს 8 აგვისტოს მიდიან. წელსაც, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, მთავრობის წევრები და დეპუტატები მუხათგვერდის სასაფლაოზე მისვლას სწორედ ხვალ, 8 აგვისტოს აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.