სექსუალური შევიწროება

მესხიძეს უგრეხელიძეზე ზოგი ცნობის უარყოფა დაევალა - სასამართლოს შევიწროებაზე არ უმსჯელია

0 კომენტარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლს დაავალა შემავიწროებლის შესახებ საჯაროდ გავრცელებული ცნობების ნაწილი უარყოს.

საუბარია ეკა მესხიძეზე, რომლის სქესის ნიშნით და სექსუალური შევიწროება საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსის, პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან სახალხო დამცველმა დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მედიაშიც, რის შემდეგაც უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა და მესხიძეს სასამართლოში პატივისა და ღირსების შელახვის მუხლით უჩივლა. ის მესხიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას ითხოვდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ უგრეხელიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ეკა მესხიძეს გარკვეული ცნობების უარყოფა დაავალა, თუმცა არა მის მეირ გავრცელებული ყველა ინფორმაციის. უფრო კონკრეტულად ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი, რომელიც სასამართლოში ეკა მესხიძეს იცავდა, ამბობს, რომ ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილი და შესაბამისად, არ იციან, რასთან დაკავშირებით მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება. თუმცა, მხარე არ იზიარებს ამ გადაწყვეტილებას და აპირებს გაასაჩივროს.

"საქმის მასალებიდან გამომდინარე, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და შესაბამისად, ვაპირებთ, რომ გავასაჩივროთ ზემდგომ ინსტანციაში. მოპასუხე მხარის მიერ დადასტურებული იყო ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც შეიცავდა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ნაწილი იყო მოსაზრებები. შესაბამისად, არ ვეთანხმებით და არ ვიზიარებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას", - ამბობს ადვოკატი მარიკა დუმბაძე.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე "ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაში უდანაშაულოდ ცნო", ადვოკატი განმარტავს, რომ სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველის მიერ დადგენილია და მას სასამართლო ვერ შეცვლის. სასამართლოში დავა მიმდინარეობდა არა შევიწროების ფაქტზე, არამედ, ეკა მესხიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეზე.

"სექსუალურ შევიწროებაზე სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, დავის საგანი არ ყოფილა სექსუალური შევიწროების განხილვა. დავის საგანი მხოლოდ გავრცელებული ცნობების სისწორე იყო. სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველის მიერ არის დადგენილი, ის არ ექვემდებარება გასაჩივრებას. სასამართლო ვერ გადასინჯავდა სახალხო დამცველის დასკვნას. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ პაპუნა უგრეხელიძე არ ახორციელებდა სექსუალურ შევიწროებას, არ არის სიმართლე. ჩვენ გვაქვს სახალხო დამცველის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ პაპუნა უგრეხელიძე ახორციელებდა ეკა მესხიძის შევიწროებას", - ამბობს ადვოკატი.

გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე ტაბულას თბილისის საქალაქო სასამართლოში მხოლოდ ის უთხრეს, რომ მოსამართლემ პაპუნა უგრეხელიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

"მოპასუხეს დაევალა მედიაში მის მიერ გავრცლებული ცნობების ნაწილობრივ უარყოფა, იმავე საშუალებებით და ფორმით, რა ფორმითაც გავრცელდა ეს ინფორმაცია მის მიერ", - ამბობენ სასამართლოში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე, პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომელს, ეკა მესხიძეს სქესის ნიშნით და სექსუალურად ავიწროებდა. ამავე დოკუმენტში საუბარია მუქარაზე და არის მტკიცებულებები SMS შეტყობინებების სახით, სადაც უგრეხელიძე მესხიძეს ცემით ემუქრება.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის დასკვნა 2017 წლის მაისში მომზადდა, მასზე კომენტარი პაპუნა უგრეხელიძის უშუალო ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც ფაქტი მედიით გახდა საჯარო. იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ "როგორც ქალმა მინისტრმა, პაპუნა უგრეხელიძეს უნდა მოუსმინოს" და პოზიციას შემდეგ დააფიქსირებს.

27 მარტს, წულუკიანის განცხადებიდან მეორე დღეს, მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, პაპუნა უგრეხელიძე თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ ეკა მესხიძე აშანტაჟებდა და შურისძიების გამო უჩივლა, რადგან მისი ქმარი სამსახურიდან გაათავისუფლა. მესხიძე ამ დრომდე კონფიდენციალური იყო, თუმცა ყოფილმა ხელმძღვანელმა მისი და მისი ქმრის სახელი საჯაროდ, ფეისბუქზე დაწერა. პაპუნა უგრეხელიძემ ასევე დაწერა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო, სასამართლოს მიმართავს.

იმის გამო, რომ ყოფილმა ხელმძღვანელმა მისი ვინაობა გაასაჯაროვა, ეკა მესხიძემ ამ საკითხზე არა კონფიდენციალურად, არამედ ღიად გააგრძელა საუბარი. მისი თქმით, ქმრის გათავისუფლება არაფერ შუაშია და სახალხო დამცველს მუქარის შემდეგ მიმართა, თუმცა, ეს ორი შემთხვევა დროში ერთმანეთს დაემთხვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წლის 30 მარტს გამოქვეყნდა კოალიაცია "თანასწორობისთვის" ანგარიში, სადაც საუბარია უგრეხელიძის მხრიდან შევიწროების კიდევ ორ საქმეზე. დოკუმენტის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილ თავმჯდომარის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლო ორ საქმეს განიხილავს, რომელშიც სექსუალური შევიწროების ნიშნები იკვეთება.

"მუშაობის პროცესში არაერთხელ ჰქონია ადგილი მოსარჩელეთა შევიწროებასა და სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულებაში ხელის შეშლას. საქმეში წარდგენილია მხარეებს შორის პირადი მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელშიც იკვეთება სექსუალური შევიწროება. სააგენტოს თავმჯდომარე მიმართავდა მოსარჩელეებს ისეთი ზედმეტსახელებით, რომლებიც მათთვის შეურაცხმყოფელი იყო. საჯარო რეესტრის თავმჯდომარე მესამე პირებთან აცხადებდა, რომ მოსარჩელე ქალები იყვნენ მისი "ციყვები", მათთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, მისი მიყვანილები იყვნენ და როცა უნდოდა, მაშინ გააგდებდა. საქმეში ასევე არსებობს მოწმეთა ჩვენებები", - აღნიშნულია ანგარიშში.

პაპუნა უგრეხელიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვის მუხლით ორჯერ მიმართა - თავდაპირველად, სასამართლომ უარი უთხრა, რადგან სარჩელში არ იყო მითითებული კონკრეტულად რომელი ცნობების უარყოფას ითხოვდა საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსი. 2018 წლის 1 ივნიის შეტანილი სარჩელი კი სასამართლომ წარმოებაში მიიღო და საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 9 აგვისტოს გამოცხადდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები