წითელი წიგნი

ტაილანდში წითელ წიგნში შეყვანილი დიუგონი პლასტმასის ნარჩენმა მოკლა

0 კომენტარი
ფოტო: CNN

8 თვის დიუგონი, რომელიც წითელ წიგნშია შეყვანილი, პლასტმასის ნარჩენს ემსხვერპლა. დიუგონი ტაილანდის სამხრეთ სანაპიროზე აპრილის თვეში იპოვეს და მას მარიუმი დაარქვეს.  

ძუძუმწოვრის ნაწლავში პლასტმასის ნარჩენი აღმოაჩინეს. მარიუმს კუჭის ინფექცია განუვითარდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.   

ტაილანდის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, ძუძუმწოვრის სიკვდილი შეახსენებს ტაილანდისა და მსოფლიოს მოსახლეობას, რომ ნარჩენები ოკეანეში არ გადაყარონ.   

16 აპრილს ტაილანდის ხელისუფლებამ ოქსო-დეგრადირებადი პარკების გამოყენება აკრძალა. ოქსო-დეგრადირებადი პარკები, ჩვეულებრივთან შედარებით, უფრო მცირე ნაწილებად იშლება და მის საბოლოო დაშლას მეტი დრო სჭირდება. 2022 წლიდან ტაილანდში კიდევ სამი სახეობის პლასტმასის გამოყენება აიკრძალება. ხელისუფლების საბოლოო მიზანია, ქვეყანაში დასაშვები მხოლოდ სრულად გადამუშავებადი პლასტმასი იყოს. 

McKinsey-ის კვლევით, ტაილანდი ზღვის დაბინძურების მაჩვენებლით მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, მას ჩინეთი, ინდონეზეა, ფილიპინები, ვიეტნამი და შრი ლანკა უსწრებენ. იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო საჭირო ზომებს არ მიიღებს, 2025 წლისთვის ოკეანეებში, საერთო ჯამში, 250 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი აღმოჩნდება. ეს ნიშნავს, რომ ყოველი 3 მილიონი თევზისთვის ოკეანეში 1 მილიონი ტონა ნარჩენი იქნება. 

ტაილანდი ზღვას, ძირითადად, პოლიეთილენის პარკებით, საწრუპი ჩხირებითა და საკვების კონტეინერებით აბინძურებს.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები