დიდი შვიდეულის სამიტი

Washington Post: ტრამპმა თქვა, რომ პუტინის გარეშე რიგ საკითხებზე მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს

Washington Post

24-26 აგვისტოს საფრანგეთში, ქალაქ ბიარიცში დიდი შვიდეულის სამიტი იმართება.

მსოფლიო ლიდერებს შორის ძირითადი შეხვედრა შაბათს, 24 აგვისტოს შედგა.

როგორც საერთაშორისო მედია წერს, განხილულ იქნა რამდენიმე საკითხი.

შაბათის შეხვედრებზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯერ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ჩინეთთან სავაჭრო ომი დაიწყო, შემდეგ კი გადათქვა და განაცხადა, რომ ისურვებდა, ტარიფები კიდევ უფრო გაეზარდა.

თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპის წინა განცხადება ჩინეთთან სავაჭრო ომის დაწყების სინანულის შესახებ არასწორად იყო ინტერპრეტირებული - რასაც ნანობს, ის არის, რომ ტარიფები კიდევ უფრო არ გაზარდა.

"პრეზიდენტს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა მას რამე განსხვავებული აზრი ჩინეთთან სავაჭრო ომის დაწყებასთან დაკავშირებით. მისი პასუხი ძალიან არასწორად იყო ინტერპრეტირებული - პრეზიდენტმა ტრამპმა კითხვას დადებითად უპასუხა, იმიტომ რომ ნანობს, რომ უფრო მაღალი ტარიფები არ დააწესა", - თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა, სტეფანი გრიშამმა.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან, ბორის ჯონსონთან ოფიციალურ სადილზე, რომელიც დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში შედგა, ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა "განსხვავებული ფიქრების შესახებ ჩინეთთან სავაჭრო ომზე", რაზეც ტრამპმა უპასუხა - "ოჰ, დიახ, რატომაც არა. ასევე, შესაძლოა, განსხვავებული ფიქრი ყველაფერზე მქონდეს".

ტრამპი ირწმუნებოდა, რომ მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობდა ჩინეთთან და რომ იგი აპირებდა, თავი დაეღწია მისი ბოლოდროინდელი მუქარისგან, მაგალითად, კომპანიების იძულებისგან, დაეტოვებინათ ჩინეთი.

ვაშინგტონ პოსტის შეფასებით, ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები გამოხატავს ტრამპის ძალიან ცვალებად მიდგომას ჩინეთისადმი, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს აშშ-ის ეკონომიკაზე და შესაძლოა ასევე დიდი გავლენა მოახდინოს ტრამპის მეორე ვადით არჩევაზე 2020-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

მაგრამ ეს მიდგომა შესაძლოა ასევე იყო ტრამპის მიერ G7-ის სამიტზე შემოთავაზებული მკაცრი კონტრნარატივის ნაწილი, ვინაიდან მან პირისპირ მოლაპარაკებების ყველა დანარჩენისგან განსხვავებული ვერსია შემოგვთავაზა და ეს განსხვავებები სამიტის მიმდინარეობისას ბევრჯერ გამოვლინდა.

მაგალითად, ტრამპი ირწმუნებოდა, რომ არ განუხილავს ირანის მიმართ ერთობლივი მიდგომის საკითხი, მიუხედავად საფრანგეთის ოფიციალური პირების მტკიცებისა, რომ შაბათს საღამოს ლიდერებს შორის შეთანხმება მიღწეულ იქნა.

"მე ეს საკითხი არ განმიხილავს", - თქვა ტრამპმა - "ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს მოკვლევას, მაგრამ ადამიანებს ლაპარაკს ვერ ავუკრძალავ. თუ მათ საუბარი სურთ, ისაუბრონ - ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა წარსულში ირანთან მოლაპარაკებების გამო საფრანგეთი გააკრიტიკეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა რეპორტიორებს უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული რაკეტების გამოცდით არც ერთი ნორმა არ დაურღვევია.

"ჩვენ რაკეტების სამყაროში ვცხვრობთ, ხალხო, მოგწონთ ეს თუ არა", - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ ესმის, როგორ გრძნობს თავს იაპონიის პრეზიდენტი შინძო აბე, რომელიც მის გვერდით იდგა მასინ, როცა ტრამპი ამ განცხადებას აკეთებდა.

დონალდ ტრამპმა და იაპონიის პრემიერმინისტრმა, შინძო აბემ განაცხადეს, რომ მათ მიაღწიეს შეთანხმებას ვაჭრობასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს სოფლის მეურნეობას, ტექნოლოგიებს და სხვა საკითხებს. სხვა დეტალები არ დაზუსტებულა.

აშშ-ის პრეზიდენტისვე თქმით, მას მსოფლიოს მრავალმა ლიდერმა უთხრა, რომ რუსეთი დიდ შვიდეულს უნდა შეუერთდეს. თუმცა, ევროპელ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი კვლავ "განკვეთილი" უნდა დარჩეს. ამ საკითხზე მათ შაბათის ვახშამზე ტრამპთან იკამათეს კიდეც. მან უარი თქვა, დაესახელებინა კონკრეტული ლიდერები, რომლებიც მას რუსეთის საკითხზე დათანხმდნენ. "შემეძლო ამის გაკეთება, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ აუცილებელია", - თქვა მან.

რაც შეეხება სადილს საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან - ამას ტრამპმა "მასთან გატარებული საუკეთესო საათნახევარი უწოდა". თუმცა, მანამ, სანამ ისინი ზღვის სანაპიროზე სადილობდნენ, ტრამპის ადმინისტრაცია მაკრონს აკრიტიკებდა იმისთვის, რომ საფრანგეთი გაცილებით დიდ ყურადღებას კლიმატის ცვლილებებს და აფრიკის განვითარებას უთმობს, ვიდრე მსოფლიო ეკონომიკას.

კვლავ ჩინეთის საკითხი - მიუხედავად იმისა, რომ მცირე სინანული გამოთქვა, ტრამპმა მაინც უთხრა დიდი შვიდეულის წევრებს, რომლებიც "სავაჭრო ომს" ეწინააღმდეგებიან: "მე ვფიქრობ, პატივი უნდა ვცეთ სავაჭრო ომს. ეს უნდა მოხდეს".

"მე მგონი, მათ ჩემზე მეტად უნდათ, შეთანხმებას მივაღწიოთ", - თქვა ტრამპმა ბორის ჯონსონთან სადილის დაწყებამდე. აშშ-ის პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ ჩინეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ ჩინეთის ლიდერი, სი ძიპინი აშშ-ის მტერია.

"ჩვენი ხედვა სავაჭრო ომთან დაკავშირებით - ჩვენ ძალიან სასარგებლო ადგილას ვართ... ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში, დიდმა ბრიტანეთმა ძალიან დიდი სარგებელი ნახა ბოლო 200 წლის განმავლობაში არსებული თავისუფალი ვაჭრობით", - თქვა ბორის ჯონსონმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა.

სხვა მსოფლიო ლიდერები აშშ-ს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის ჩათვლით, სავაჭრო უთანხმოების დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.

საერთო შეხვედრაზე, სადილზე დიდი შვიდეულის ლიდერები ამაზონის ტყისა და ირანის შესახებ კონსტრუქციული დიალოგისთვის შეიკრიბნენ. თუმცა, შეხვედრა უხეში და დამთრგუნველი აღმოჩნდა, როდესაც ტრამპმა ლიდერებს ირანის შესახებ დისკუსია შეაწყვეტინა და თქვა, რომ საუბარს აზრი არ აქვს, რადგან მაგიდასთან რუსეთის პრეზიდენტი არ ზის.

რუსეთი დიდი რვიანის წევრობიდან 2014 წელს გარიცხეს, მას შემდეგ, რაც უკრაინის ტერიტორიაზე ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა. G7-ის სხვა ლიდერებმა მკაცრი ოპონირება გაუწიეს ტრამპს პუტინის საკითხზე და თქვეს, რომ ეს იქნება რუსეთის ცუდი საქციელის წამქეზებელი და მწვანე შუქი ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში ომისთვის.

"მისი არგუმენტი ის იყო, რომ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ირანი, სირია, ჩრდილოეთ კორეა, საუბარს მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ერტად აქვს აზრი", - უთხრა ვაშინგტონ პოსტს ერთ-ერთმა ევროპელმა ლიდერმა.

გამოცემას ასევე კონფიდენციალურად უთხრეს, რომ სადილის შემდეგ ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა გააკრიტიკა დიდი რვიანიდან რუსეთის "გაგდების" გამო და თქვა, რომ პუტინი მხოლოდ იმის გამო გაუშვეს, რომ მან ობამა ჭკუაში მოატყუა.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ "რა თქმა უნდა, შესაძლებელია" მომავალ სამიტზე, რომელიც აშშ-ში ჩატარდება, მან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც მიიწვიოს - მის ამ ნაბიჯს უდავოდ მოჰყვება მოკავშირეების წინააღმდეგობა.

კომენტარები