გავრილოვის ღამე

20 ივნისს აქციის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი მიეცა

0 კომენტარი
ფოტო: ტბელ აბუსერიძე

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 20 ივნისის აქციის მონაწილის მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი მიეცა.

"გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულმა თანამშრომელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირზე, იმ ვითარებაში, როდესაც არ არსებობდა დაკავებულის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების წინაპირობა და აუცილებლობა", - ამბობენ უწყებაში.

მათივე თქმით, შსს-ს თანამშრომელს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ' ქვეპუნქტით წარედგინა.

უწყებაში ამბობენ იმასაც, რომ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავენ.

აღსანიშნავია, რომ 20 ივნისის აქციის საქმეზე სულ პასუხისგებაში მიეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, ხოლო აქციის 19 მონაწილე. 

ამასთან, დღეს, 27 აგვისტოს გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც 7 მათგანის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავდნენ, თუმცა მოსამართლე ლევან გელოვანმა ისინი პატიმრობაში დატოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები