ბავშვზე თავდასხმა

ლომჯარია ბავშვის დაჭრაზე: გარიყვის მოწოდება აძლიერებს ფსიქიკური აშლილობის მქონეთა სტიგმას

სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პეკინზე მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე ხაზგასმა, ინფორმაციის არქონის პირობებში, აძლიერებს სტიგმას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ.   

"მომხდარის შეფასებისას, სოციალურ ქსელში არაერთი მოწოდება გავრცელდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა საზოგადოებიდან გარიყვის და მათი იზოლაციის შესახებ. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს და შესაბამისი ინფორმაციის არ ქონის პირობებში, აღნიშნულზე ხაზგასმა აძლიერებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტიგმას," - წერია განცხადებაში.  

ომბუდსმენი ამბობს, რომ ქვეყანაში გამოწვევად რჩება თემზე დაფუძნებული და ამბულატორიული სერვისების ნაკლებობა, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მათზე მისაწვდომობის ნაკლებობას და შემთხვევათა გამწვავებას. მისივე თქმით, პრობლემად რჩება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის უწყვეტობის საკითხიც, რადგან, მისი ინფორმაციით, 2018 წელს ჰოსპიტალიზაციის შემდგომ პაციენტთა მხოლოდ 37% ჩაერთო ამბულატორიულ/სათემო სერვისებში.  

ლომჯარია შესაბამის უწყებებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით ღონისძიებების გაძლიერებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში 3 წლის ბავშვის დაჭრის შემთხვევას შეისწავლის.  

"სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის უწყებებს გაძლიერდეს ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, მათ შორის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის, თემზე დაფუძნებული მომსახურებების განვითარებისთვის ეფექტური ნაბიჯების გადადგმის კუთხით. მნიშვნელოვანია, მეტი ყურადღება დაეთმოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს პრევენციული ღონისძიებების გატარებას. მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე," - ამბობს ლომჯარია.  

შემთხვევა პეკინის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. ბავშვი მშობლებთან ერთად მიდიოდა, როცა ის უცნობმა ქალმა დანით სახის არეში დაჭრა. პოლიციამ ქალი უკვე დააკავა. ის დუმილის უფლებით სარგებლობს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბავშვი საავადმყოფოდან 29 აგვისტოს გამოწერეს.

კომენტარები