რუსული ოკუპაცია

ზვიადაძე: ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე საგუშაგოს მოწყობა ჩვენი უფლებაა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი, ზვიად ზვიადაძე ამბობს, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საგუშაგოს მოწყობა საქართველოს უფლებაა და ამის პროტესტი მიუღებელია. 

“ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგუშაგოს მოწყობა, რომელიც ჩვენი უფლებაა და ამაზე პროტესტი ჩვენთვის მიუღებელია, რადგანაც ეს არის ჩვენ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, სადაც სრული უფლება გვაქვს, ვაწარმოოთ ის სამუშაოები, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ. კონკრეტულ მიზეზს ვერ გეტყვით მათი მხრიდან ეს რას შეიძლება უკავშირდებოდეს, ჩვენი მხრიდან ეს არის გათვლილი იმაზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ადგილზე იმ ადამიანების უსაფრთხოება, რომლებიც იქ ცხოვრობენ", - თქვა ზვიადაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრის დაწყებამდე. 

28 აგვისტოს ღამით ხაშურის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. 

ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. 

საქართველოს საგუშაგო ხაშურის სოფელ წაღვლში, საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში წლებია არსებობს. თუმცა, ცოტა ხნის წინ ის სოფელ ჩორჩანაში, 250 მეტრში გადმოიტანეს. სწორედ ამას მოჰყვა ოკუპანტების გააქტიურება. 

სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის შეფასებით, ეს უკიდურესად სახიფათო პროვოკაციული ქმედებაა, რომელიც ხელს უწყობს დაძაბულობის ხელოვნურად ესკალაციას. 

მისივე თქმით, ეს საკითხი სხვა მწვავე საკითხებთან ერთად დღეს, 29 აგვისტოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე მწვავედ დაისმება.

"ჩორჩანაში ადგილი აქვს მცდელობას, ხელოვნურად მოხდეს დაძაბულობის ესკალაცია. ეს არის უკიდურესად სახიფათო და პროვოკაციული ქმედება და ჩვენ ამ საკითხს მთელი სიმწვავით გავაჟღერებთ დღევანდელ შეხვედრაზე. 

დაგეგმილია 10 საკითხის განხილვა. განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რაც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. სამწუხაროდ, მოცემულ პერიოდში უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციული ქმედებების შედეგად დაგროვდა არა ერთი აღმაშფოთებელი ინციდენტი, რასაც მთელი სიმწვავით გავაჟღერებთ დღევანდელ შეხვედრაზე. ვგულისხმობ მაგალითად გუგუტიანთკარში განხორციელებულ უკანონო ბორდერიზაციას, რა დროსაც ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ძალებმა პირდაპირ ეზოში აღუმართეს ხელოვნური ბარიერები. ასევე, მწვავედ გავაპროტესტებთ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ადგილზე დაძაბულობის ხელოვნურად ესკალაციას წარმოადგენს. ვისაუბრებთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე, ასევე, მთელი სიმძაფრით დადგება ოკუპირებულ ქართულ სოფელ ერეთში საოკუპაციო ძალების მიერ განდევნილი ადგილობრივების სახლების დანგრევის და მათ ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობის საკითხი",  თქვა ირაკლი ანთაძემ. 

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. 

კომენტარები