რუსული ოკუპაცია

ბოცვაძე: საგუშაგო რჩება ადგილზე და ჩვენი ბიჭები გააგრძელებენ უსაფრთხოების დაცვას

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბოცვაძის თქმით, ქართული მხარის მიერ აგებული საგუშაგო ადგილზე რჩება. მისივე თქმით, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებისგან ვერ მოისმინა ადეკვატური არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა იყოს საგუშაგო სოფელ ჩორჩანაში აგებული.

"მათ ჰქონდათ გარკვეული კითხვები, რომ შეშფოთება გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში, ჩვენი არგუმენტებით გარკვეულწილად დავარწმუნეთ ცხინვალის წარმომადგენლები, რომ ერთადერთი მიზანი ჩვენი პოლიციელების, რომლებიც ამ საგუშაგოზე არიან განლაგებულნი, უსაფრთხოების დაცვაა და მეტი არაფერი. გარკვეული კითხები ლოკაციასთან დაკავშირებით დაისვა, თუმცა არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა იყოს ბლოკსაგუშაგო ამ ლოკაციაზე განთავსებული, ვერ მოვისმინე. ბლოკსაგუშაგო რჩება ამ ადგილას და ჩვენი ბიჭები გააგრძელებენ უსაფრთხოების დაცვას",-თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.  

ოკუპირებულ სოფელ წნელისში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასა და ოფიციალური თბილისის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის მთავარი თემა სოფელ ჩორჩანასთან აგებული საგუშაგო იყო, რომლის დაშლაზე ქართული მხარე უარს აცხადებს.  

​შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა და მისი გამაგრება ამ წუთებშიც გრძელდება. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი გუშინ, 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. 

მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ჩორჩანასთან გრძელდებოდა საგუშაგო კოშკის მშენებლობა და გამაგრება, ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ აქ დღის განმავლობაში ასევე ელოდებიან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ასევე, შესაძლოა შედგეს შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

კომენტარები