საფრანგეთი - რუსეთი

მაკრონი: ევროპისგან რუსეთის იზოლირება ჩვენ ინტერესში არ არის

0 კომენტარი
ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი ფოტო: ABC

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა G7 სამიტის დასრულების შემდეგ 27 აგვისტოს ფრანგ დიპლომატებთან განაცხადა, რომ რუსეთის ევროპიდან გაძევება მათ ინტერესში არ არის.

"ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ რუსეთთან რაღაც გაუგებრობები არსებობს. ჩვენ ხელახლა უნდა გადავხედოთ ჩვენ ურთიერთობებს რუსეთთან. ჩვენ ვართ ევროპაში და რუსეთიც ევროპაშია და თუ ჩვენ რუსეთთან რაიმე სასარგებლოს არ გავაკეთებთ, ჩვენ კვლავ გვექნება ევროპაში გაყინული კონფლიქტები, კვლავ გვექნება ევროპა, რომელიც არის რუსეთისა და აშშ-ის ბრძოლის თეატრი. ჩვენ ქვეყნებში ცივი ომის შედეგების ასახვა გაგრძელდება და ჩვენ ვერ შევქმნით სწორ პირობებს ევროპული ცივილიზაციის ხელახალი შექმნისთვის. ჩვენ ამას ვერ ვიზამთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების გადახედვის გარეშე.

რუსეთისგან დიტანცირება, რუსეთის ევროპიდან გაძევება ან რუსეთის იზოლირება ან მისი ჩინეთთან ალიანსი არ არის ჩვენ ინტერესში," - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა.

ამავდროულად, მაკრონმა თქვა, რომ "ჩვენ ინტერესში არც ის არის, რომ რუსეთის პირისპირ სუსტად ვიყოთ და ჩვენი უთანხმოებები დავივიწყოთ".

"ევროპული კონტინენტი არასდროს იქნება სტაბილური, არასდროს იქნება უსაფრთხო, თუ ჩვენ არ დავალაგებთ და გავარკვევთ ჩვენ ურთიერთობებს რუსეთთან. ეს, რათქმაუნდა, ზოგიერთი ჩვენი მოკავშირის ინტერესში არ არის და ზოგ მოკავშირეს მეტი სანქცია სურს იმიტომ, რომ ეს მათ ინტერესშია, მაგრამ ეს ჩვენ ინტერესში არაა," - თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა თავისი გამოსვლის დასაწყისში რუსეთის ნარატივიც გაიმეორა და მსოფლიოში "დასავლური ჰეგემონიის დასასრულზე" გაამახვილა ყურადღება. ამის მაგალითად მან რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და აფრიკაც მოიხმო.

"დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მომავალი სრულიად ევროპულია. ჩვენ გვჯერა ასეთი ევროპის, რომელიც ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე გაგრძელდება," - გასულ კვირას, საფრანგეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტის შემდეგ მაკრონმა თავის Twitter-ის გვერდზე დაწერა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დიდი რვიანის ფორმატში რუსეთის დაბრუნებაზე საუბრისას, განაცხადა, რომ ჯერ აუცილებელია გადაწყდეს უკრაინის კრიზისი.

ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინის კრიზისის მოგვარების გარეშე, რუსეთის დაბრუნება დიდი რვიანის ფორმატში შეცდომა იქნებოდა, რომელიც ევროკავშირის სისუსტეს აჩვენებდა. 

"მე მიმაჩნია, რომ ყოველგვარი წინაპორებების გარეშე რუსეთის დაბრუნება ფორმატში, ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის სისუსტის მანიშნებელი იქნებოდა. ეს ჩვენი სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა, რომელიც კიდევ უფრო წაახალისებდა დაუსჯელობის სინდრომს", — განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, რუსეთის დაბრუნებისთვის აუცილებელია გადაწყდეს კრიზისი უკრაინაში.

აქამდე ცოტა ხნით ადრე, ამერიკულმა ტელეკომპანია CNN გაავრცელა ინფრომაცია, რომ დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი თანახმა არიან რუსეთს დიდი შვიდეულის შემდეგ სამიტზე მოიწვიონ. მოგვიანებით, ტრამპმა ეს სურვილი დაადასტურა, ხოლო საფრანგეთის დიპლომატიურ წრეებში განმარტეს, რომ პრეზიდენტ მაკრონის პოზიცია რუსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით, უკრაინაში ვითარების გაუმჯობესებაზე იქნება დამოკიდებული. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები