რუსული ოკუპაცია

სექტემბრიდან ახალგორის შესასვლელი შესაძლოა ჩაიკეტოს

სექტემბრიდან ახალგორის შესასვლელი შესაძლოა ჩაიკეტოს. ამის შესახებ ოკუპირებული დაბის შესასვლელში მდებარე საგუშაგოზე დისლოცირებული რუსი სამხედროები მეორე დღეა ყველა გამვლელს აფრთხილებენ. ე.წ. მესაზღვრეების თქმით, გადაადგილების აკრძალვა 3 სექტემბერს, საღამოს 18:00 საათიდან იგეგმება.

ამის შესახებ სხვადასხვა მედიას მოქალაქეები ეუბნებიან. ოფიციალური უწყებების მხრიდან განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. 

„უკვე მეორე დღეა, გვაფრთხილებენ ახალგორის შესასვლელში მოქმედ საგუშაგოზე რუსი მესაზღვრეები, რომ ხვალ საღამოდან იკეტება დაბის შესასვლელი და მოძრაობა აიკრძალება, როგორც ფეხის მოსიარულეებისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალებებისთვის. როცა ვეკითხებით, რამდენი ხნით შეიზღუდება მოძრაობა, პასუხს ვერ აკონკრეტებენ, თუმცა, ისიც თქვეს, რომ შეიძლება საერთოდ ჩაიკეტოს. ეს ძალიან ცუდ მდგომარეობას შექმნის, ახალგორიდან დევნილების უმრავლესობა ე.წ. პროპუსკების საშუალებით, ჩვენ სახლებში შესვლას დღემდე ვახერხებთ, ბევრი სულაც იქ ვცხოვრობთ. გარდა ამისა, პედაგოგების თუ სხვა სამსახურებში დასაქმებულთა დიდი ნაწილი წეროვანიდან დადის ოკუპირებულ დაბაში, შესაბამისად, ვეღარც ისინი შევლენ. ახლა გამოვედი და არ ვიცი, შევძლებ თუ არა ისევ შესვლას“, - უთხრა ინტერპრესნიუსს ახალგორიდან გამოსულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

დღეს, 2 სექტემბერს 4:00-ზე, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. მასზე სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილება. ჯერჯერობით უცნობია, ისაუბრებენ თუ არა ერგნეთში ე.წ დრონის ინციდენტზე. 

ტაბულას სუს-ის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ოფიციალური პირები კომენტარს სწორედ ერგნეთში გააკეთებენ. 

კომენტარები