ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში მოსწავლეები და სტუდენტები პროტესტის ნიშნად ლექციებს აცდენენ

EPA

ჰონგ-კონგში სასწავლო წლის პირველ დღეს მოსწავლეები და სტუდენტები პროტესტის ნიშნად ლექციებს არ ესწრებიან.

აქციების ორგანიზატორების თქმით 200 საშუალო სკოლის 10,000-მდე მოსწავლე სწავლის პირველ დღეს სკოლაში არ მივიდა.

სტუდენტები ქალაქის ცენტრალურ უბანში შეიკრიბნენ და აქციებს შეუერთდნენ.

გუშინ ჰონგ-კონგის მეტროში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი. პოლიციის თქმით მეტროს სადგურებზე შეკრებილი მომიტინგეები მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და საკუთრებებს აზიანებდნენ.

დააკავეს 40-მდე ადამიანი, თუმცა უცნობია იყო თუ არა ყველა მათგანი აქციის მონაწილე. თვითმხილველების თქმით პოლიციელთა ნაწილმა ძალას გადაამეტა, მატარებლის ვაგონებში შევიდა და მგზავრებს ხელკეტებით სცემდა. გამოიყენეს წიწაკის სპრეიც.

მომხდარის შედეგად დაიკეტა მეტროს სამი სადგური. შეჩერდა მატარებლების გადაადგილება ჰონგ-კონგის საერთაშორის აეროპორტის მიმართულებითაც.

ჰონგ-კონგის ქუჩებში საპროტესტო აქციები მეცამეტე კვირაა გრძელდება. შაბათს ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათ ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს, პოლიციას მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს და თავს დაესხნენ პარლამენტის შენობას.

საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და ლურჯად შეღებილი წყლის ჭავლი გამოიყენა. მოხდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლაც.

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში პრო-დემოკრატიულ აქციებზე კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტსა და პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებენ. აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას, თუმცა პროტესტი გაცდა ამ საკითხს და მომიტინგეებმა საბოლოოდ 5 მთავარი მოთხოვნა ჩამოაყალიბეს - კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის სრული გაწვევა; საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა; აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება; პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და თავისუფალი არჩევნები.

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით, ხელკეტით, წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციებზე პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენა. აქციის მონაწილეებს პეკინის მომხრე მოძალადეთა ჯგუფიც არაერთხელ დაუპირისპირდა. დარბევის დროს, სულ მცირე, ერთმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

30 აგვისტოს ჰონგ-კონგში პოლიციამ არაერთი ცნობილი ოპოზიციონერი დააკავა, მათ შორის ჯოშუა ვონგიც, რომელიც 2014 წლის ქოლგების მოძრაობის ერთერთი ლიდერი იყო.

ოპოზიციონერი აქტივისტები 21 ივნისს უკანონო აქციის ორგანიზებასა და მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. 

ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს კერი ლამსა და ჰონგ-კონგის პოლიციას, ჩინეთის წარმომადგენლობამ "არეულობაში" მომიტინგეთა ქმედებებს "ტერორისტული აქტები" უწოდა. არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები. 29 აგვისტოს ჰონგ-კონგში ჩინეთის ჯარი შევიდა და როტაცია განახორციელა.

26 აგვისტოს ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ჭაო ქეჭიმ ჰონგ-კონგთან, ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში ვიზიტის დროს, განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დაარბევდა ყველა დამანგრეველ, ძალადობრივ ტერორისტულ აქტივობებს და ქვეყნის "სამხრეთის კარიბჭის" პოლიტიკურ უსაფრთხოებას დაიცავდა.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია. საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც ჰონგ-კონგში მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები