თიბისი ბანკის საქმე

პროკურატურის წერილი დიპ.კორპუსს TBC-ის საქმესთან დაკავშირებით, რომლის არსებობასაც უარყოფს

დღეს, 2 სექტემბერს თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სპეციალური განცხადება გაავრცელეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გენერალურმა პროკურატურამ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები 6 სექტემბერს სპეციალურ შეხვედრაზე მიიწვია, სადაც პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი უცხოელი ექსპერტის მიერ, თიბისი ბანკის საქმეზე მომზადებულ დასკვნას გააცნობდნენ. 

მოგვიანებით, ამ განცხადებას გამოეხმაურა გენერალური პროკურატურაც. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 6 სექტემბერს არანაირი შეხვედრა არ იგეგმებოდა, თუმცა მათ მიერ დაქირავებული ექსპერტების დასკვნას აუცილებლად გააცნობდნენ დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს.

ტაბულას წყარომ მიაწოდა იმ წერილის ასლი, რომელშიც საქართველოს გენერალური პროკურატურა მართლაც სპეციალურ შეხვედრაზე იწვევს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს და რომლის არსებობასაც პროკურატურა უარყოფს. წერილში ნათქვამია, რომ 6 სექტემბერს ოთხ საათზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობაში გაიმართება შეხვედრა, სადაც უწყების მიერ დაქირავებული ორი უცხოელი ექსპერტის პოლ კოფისა და მოშე ლადორის მიერ მომზადებულ დასკვნას გააცნობენ.

მოგვიანებით ტაბულას, ასევე, მიაწოდეს წერილის ასლი, რომლითაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნული შეხვედრა გააუქმა. სავარაუდოდ ეს გადაწყვეტილება გენერალურ პროკურატურაში ხაზარიძისა და ჯაფარიძის მხრიდან შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ მიიღეს. პროკურატურის მიერ დიპლომატიური მისიებისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ შეხვედრა ლოჯისტიკური მიზეზების გამო სექტემბრის ბოლომდე გადაიდო.

თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით სპეციალური დასკვნის მოსამზადებლად საქართველოს პროკურატურამ პოლ კოფი და მოშე ლადორი დაიქირივა. ადრეულ წლებში პოლ კოფი აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის უფრო იყო, ხოლო მოშე ლადორი კი ისრაელის გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა. 

კომენტარები