უქმეები

გზამკვლევი შაბათ-კვირის სასიამოვნოდ გატარებისთვის

Mzesumzira

გრძელი და დამღლელი კვირის შემდეგ საკუთარ თავს გამუდმებით ერთსა და იმავე კითხვას ვუსვამთ: როგორ გავატაროთ უქმეები ისე, რომ თან დავისვენოთ, თან გავერთოთ და თან ორშაბათს დილით, პარასკვს საღამოს ჩაძინებულზე უფრო დაღლილებმა არ გავიღვიძოთ?!

რა არჩევანი გვაქვს საქართველოში ამ შაბათ-კვირას? რა თქმა უნდა, პარასკევი საღამოც არ გამოვტოვეთ და გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ის საინტერესო და სახალისო ივენთები, რომლებიც ამ უქმეებზე გველის წინ. თანაც ვეცადეთ, ყველას ინტერესი დაგვეკმაყოფილებინა და სხვადასხვა ივენთები თუ უბრალოდ დროის საინტერესოდ გასაყვანი ადგილები შემოგვეთავაზებინა თქვენთვის.

1) კინო

კინოთეატრები ამ უქმეებზე საკმაოდ საინტერესო სეანსებს გვთავაზობენ. ჰორორების მოყვარულებს შეუძლიათ სტივენ კინგის ნაწარმოების ეკრანიზაციის მეორე ნაწილით - "IT Chapter 2", რომელშიც მთავარ როლებს ჯესიკა ჩესტეინი, ბილ სკორშგორდი, ჯეიმს მაკევოი ასრულებენ, დატკბნენ. 

ასევე კინოგურმანებისთვის საინტერესო იქნებოდა ტარანტინოს ახალი ფილმის "ერთხელ ჰოლივუდში" ან მთელი ოჯახით "მეფე ლომის" დიდ ეკრანზე ნახვა.


ფოტო: Andrew Cooper / Columbia Pictures

კინოთეატრები ამას გარდა კიდევ რამდენიმე ფილმის სეანსს სთავაზობენ მაყურებელს, შესაბამისად ყველა შეძლებს აარჩიოს თავისი გემოვნების შესაფერისი სურათი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ვისაც ღია ცის ქვეშ სურს ფილმი ნახვა, პარასკევს, 6 სექტემბერს 20:00 საათზე, მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცეში,შესაძლებელია დატკბეთ ფედერიკო ფელინის 1960 წლის ფილმით „La Dolce Vita”

2) თეატრი

შესაძლებელია დატვირთული გრაფიკის გამო თეატრში ძალიან დიდი ხანია არ ყოფილხართ ან უფრო მეტიც, მისი არსებობა სულაც არ გახსოვთ. სინამდვილეში კი სცენა, განათებები, მყუდრო დარბაზი, ეს ყველაფრი საკმაოდ კარგი საღამოს გატარების წინაპირობაა. გაბრიაძის თეატრი მზადაა უმასპინძლოს მაყურებელს და გვთავაზობს ორ სპექტაკლს: შაბათს, 20:00 საათზე - "რამონა" ხოლო კვირას, 20:00 საათზე - "სტალინგრადი".  


ფოტო: dodago

3) მუსიკალური ივენთები

მუსიკალური ივენთი ამ უიქენდზე საკმაოდ ბევრია, თანაც არა რომელიმე ერთი კონკრეტული ჟანრის, არამედ ნებისმიერი მიმდევრობის მოყვარული კმაყოფილი იქნება შაბათ-კვირის პროგრამით. 

ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის ორი მთავარი ივენთი სავარაუდოდ "მზესუმზირას" დაბადებისდღე და კლუბ ბასიანის გახსნაა, ორივე ივენთი მთელი ღამე ცეკვას გვპირდება, არჩევანი კი საკუთარი გემოვნებით უნდა გააკეთოთ.  დაფიქრდით რომელი გირჩევნიათ, მიწის თუ ღია ცის ქვეშ ცეკვა? 

როკის მოყვარულთათვის ბენდი The Ocean Collective, 7 სექტემბერს Elektrowerk-ში გამართავს კონცერტს.

ჯაზის მოყვარულებმა კი სავარაუდოდ იციან, რომ კვირაში 7 დღე ჯაზკაფე "ზინგერი" მათ ცოცხალ მუსიკას სთავაზობს. ამჯერად პარასკევს - კემოს კვინტეტი დაუკრავს, შაბათს - რეზო კიკნაძის კვარტეტი, ხოლო კვირას - Amaze​ feat. Zaza-ს მოსმენა იქნება შესაძლებელი.

4) სვხვადასხვა

რა თქმა უნდა კინო, მუსიკა, თეატრი ეს ყველაფერი კარგი დასვენების გარანტია, თუმცა გართობის სხვა ხერხების შემოთავაზებაც შეგვიძლია. 

მაგალითად,  სამაგიდო თამაშების მოყვარულებისთვის, ფაბრიკაში, "წიბახა" თამაშების კლუბი მზადაა შემოგთავაზოთ უამრავი თამაში, მყუდრო გარემო და ბევრი თავსატეხი.

ასევე, კვირას,  ტექნოპარკში, GDG-ის ყოველწლიური დეველოპერების ფესტივალი Devfest ტარდება, სადაც Google-ის ტექნოლოგიებით, FinTech-ით, პროგრამული გადაწყვეტის შექმნის და კომერციალიზაციის საუკეთესო პრაქტიკებით დაინტერესებული ხალხი შეიკრიბება და დროს საინტერესოდ გაატარებს. 

უყურადღებოდ არ დარჩნენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ეკლერები, ჩიზქეიქები, ნაყინი და შოკოლადი უყვართ, რადგან კვირას მთაწმინდის პარკში ტკბილეულის ფესტივალი იმართება.

ფოტოგრაფიით დაინტერესებული საზოგადოებისთვის გალერეა Project ArtBeat და თიბისი სტატუსი, 6 და 7 სექტემბერს,  ორი გამოჩენილი ქართველი ფოტოგრაფის (დავით მესხი - "გააგრძელე ვარდნა" და ნატა სოფრომაძე - "სიკვდილის მაღაზია") პერსონალურ გამოფენებს აწყობს. 

5) სახელმწიფოს სამსახური

შაბათ-კვირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ივენთი, რომელზე დასწრებაც ყველას შეგვეძლება პარლამენტთან გაიმართება, შაბათსაც და კვირასაც 19:00 საათზე. #სირცხვილია 


ფოტო: აკო დევიძე

ზაფხული დასრულდა და ჩვენც ნელ-ნელა ვიწყებთ ჩვენ-ჩვენ საქმეებში ჩაფლობას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უქმეების საინტერესოდ და ხალისიანად გატარება არ შეგვიძლია. სწორედ ამისთვის მოგიმზადეთ ეს გზამკვლევი, ხოლო არჩევანი კი უკვე თქვენ გააკეთეთ. 

კომენტარები