პრეზიდენტის შეწყალება

პრეზიდენტი პოლიციელის მკვლელის შეწყალებაზე: მაქვს ინიციატივა, დავხვეწოთ შეწყალების უფლება

სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტის პრესსამსახური

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის მიერ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირის შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.

ზურაბიშვილი წერს, რომ მისთვის "ძალიან სამწუხაროა ის ვნებათაღელვა", რაც ამ საკითხს მოყვა, სწორედ ამიტომ გამოდის ინიციატივით, რომ საკნაონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად შეწყალების გამოყენების უფლება დაიხვეწოს. 

"შეწყალების აქტი არ უნდა გახდეს უნდობლობის საფუძველი. იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს, გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა,"- წერია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტაბულა დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას კითხვით, ნიშნავს თუ არა პრეზიდენტის ეს ინიციატივა იმას, რომ შესაძლოა, მომავალში პრეზიდენტს შეწყალების უფლებამოსილება შეეზღუდოს, სადაც გვითხრეს, რომ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ. 

პრეზიდენტი ასევე წერს, რომ პოლიცია სახელმწიფოს ერთერთი მთავარი საყრდენია და რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება პოლიციელების ერთგულებასა და თავდადებაზეა დაფუძნებული. 

"ამიტომ, თუ ჩემი გადაწვყეტილება პოლიციის შეურაცხყოფად იქნა აღქმული, მე მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და დავპირდე მათ, რომ არ დავუშვებ, კითხვის ქვეშ დადგეს სახელმწიფოს ერთერთი მთავარი საყრდენის, პოლიციის ინსტიტუტის მიმართ სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება,"- წერს ზურაბიშვილი. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა. თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი.

მოგვიანებით ამ საკითხს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძის შეწყალების საკითხი სამინისტროსთან ან პენიტენციურ სამსახურთან განხილული არ ყოფილა. მანვე აღნიშნა, რომ ისურვებდა, პოლიციელის და სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლის სიცოცხლის ხელყოფისთვის დაკავებულის შეწყალება არ მოხდეს. 

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირის შეწყალებისთვის ზურაბიშვილი ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმაც გააკრიტიკა. 

კომენტარები