პირდაპირი უცხოეური ინვესტიციები

TBC Research: ინვესტიციების კლება სავარაუდოდ საბანკო და სამშენებლო რეგულაციებმა გამოიწვია

საიმონ დოუსონი / Bloomberg

TBC ბანკის ანალიტიკური კომპანიის, TBC Research-ის მიმოხილვის თანახმად, 2019 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზი, სავარაუდოდ, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული სამშენებლო და საბანკო რეგულაციები გახდა.

"ნაკლები პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ფინანსურ, განსაკუთრებით არასაბანკო და უძრავი ქონების სექტორში, სავარაუდოდ, საცალო სესხების გაცემის გამკაცრებით, ასევე მშენებლობის ნებართვების რეგულაციებითაა გამოწვეული," - წერია მიმოხილვაში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მეორე კვარტალში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან კლებამ კი 53.7% შეადგინა.

მძიმე შედეგების მიუხედავად, TBC Research-ის მიმოხილვაში პოზიტიური პროგნოზია გაკეთებული და ნათქვამია, რომ სამშენებლო სექტორში უცხოური ინვესტიციციების რაოდენობის გამოჯანსაღებაა მოსალოდნელი.

2019 წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამშენებლო სექტორის ბრუნვა გაიზარდა, თუმცა უშუალოდ რეგულაციების შემოღების შემდეგ, 2019 წლის პირველ კვარტალში სამშენებლო სექტორის ბრუნვა შემცირდა. 2019 წლის პირველ კვარტალში შემცირდა აგრეთვე სამშენებლო სექტორში დასაქმებულების რაოდენობაც. მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ, 0.15%-ით გაიზარდა.

კომენტარები