ლიბრა

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრს სურს, ევროპაში Facebook-ის კრიპტოვალუტა აიკრძალოს

საფრანგეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ბრუნო ლე მერი ამბობს, რომ საფრანგეთი არ დაუშვებს ევროპაში Facebook-ის კრიპტოვალუტის, ლიბრას განვითარებას.

ლე მერის თქმით, ციფრული ვალუტა ძირს გამოუთხრის სახელმწიფოების მონეტარულ სუვერენიტეტს.

"გარკვევით მსურს ვთქვა: ამგვარ ვითარებაში ვერ დავუშვებთ ევროპის მიწაზე ლიბრას განვითარებას," - განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა.

ბრუნო მერი თვლის, რომ ფულის პრივატიზაცია ერთი აქტორის მიერ, რომელსაც პლანეტის მასშტაბით ორ მილიარდ მომხმარებელზე მეტი ჰყავს, სისტემურ რისკებს შეიცავს. მისი აზრით, ნებისმიერ ჩავარდნას ახალი ვალუტის ფუნქციონირებასა და რეზერვების მართვაში მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემების გამოწვევა შეეძლება.

Facebook-მა საზოგადოებას საკუთარი კრიპტოვალუტა 2019 წლის 18 ივნისს გააცნო, რომელსაც ლიბრა ერქმევა. მისი გამოყენება 2020 წლიდან იქნება შესაძლებელი როგორც ცალკე აპლიკაციით, ისევე Facebook-ისა და Whatsapp-ის მეშვეობით. მომხმარებლებს ფულის შეეძლებათ ერთმანეთისთვის გადარიცხვაც და ამა თუ იმ პროდუქტის შეძენაც. Facebook-მა კრიპტოვალუტა საკუთარ ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე ააგო.

ლიბრას მენეჯმენტს Libra Association განახორციელებს, რომელიც Facebook-ის გარდა 27 დამფუძნებელი კომპანიისგან შედგება. თითოეულის საწყისი კონტრიბუცია მინიმუმ 10 მილიონი აშშ დოლარია. ამგვარად, ლიბრას საწყისი კაპიტალი ერთ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს. Facebook-ის გარდა, დამფუძნებელ კომპანიებში შედიან Uber, Vodafone, Visa, Mastercard, Paypal, Lyft, Spotify, Booking.com, Ebay და სხვები.

Libra Association-ის სათავო ოფისი ჟენევაში განთავსდება და როგორც Facebook-ში ამბობენ, მისი მენეჯმენტი მათგანაც დამოუკიდებელი იქნება. რყევების თავიდან ასაცილებლად, ლიბრა მიბმული იქნება სხვადასხვა აქტივებს, ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით.

კომენტარები