მელია ხაზარაძეზე: ეკლიანი გზა უნდა გაიაროს, ერთმანეთთან მისასვლელი ხიდები არ უნდა დავწვათ

ნიკა მელია
ენმ

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძემ და მისმა გუნდმა, ცხადი უნდა გახადოს, უშვებს თუ არა იმის ალბათობას, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილთან ითანამშრომლოს. მელიას თქმით, ამ შემთხვევაში ხაზარაძესთან თანამშრომლობა მიუღებელი იქნება.  

მელია ამბობს, რომ ის დღევანდელი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციიდან მეტს ელოდა და მას მუხტი და ენერგია დააკლდა. 

"დამაკლდა იმის დანახვა, რომ აი შეიქმნა ახალი ძალა, რომელიც მაღალი ენერგიით, ენთუზიაზმით და მოტივაციით ოლიგარქ ივანიშვილს შეუტევს. ასევე ბევრი საუბრობს იმაზე და ამ ეჭვების გაქარწყლება მოუწევთ ბატონ მამუკა ხაზარაძეს და ბატონ ბადრი ჯაფარიძეს, რომ ისინი პოლიტიკაში მხოლოდ იმიტომ არ მოვიდნენ, რომ მათ პრობლემები შეექმნათ, ბიზნესს შეექმნა პრობლემები და ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის გაფუჭების შემდეგ, მათ გადაწყვიტეს პოლიტიკაში მოსვლა, რომ თავიანთი კაპიტალი დაიცვან. მე არ ვფიქრობ და არ მინდა ასე ვიფიქრო, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. ძალიან გრძელი ეკლიანი გზა აქვს გასავლელი და ვფიქრობ, რომ ხიდები არ უნდა დავწვათ ერთმანეთთან მისასვლელი"- ამბობს მელია.  

მელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უარყოფით შეფასებებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი განცხადება ნაჩქარევი იყო. 

"დღეს, არავის მხრიდან მსგავსი განცხადებების მოსმენას არ მოვიწონებდი, ან მათი მხრიდან კეთებას. ვინაიდან, ვფიქრობ, რომ ნაჩქარევია, არ ინდა დავწვათ არავისთან ხიდები, ელემენტარული საურთიერთობო, ადამიანური"- ამბობს მელია. 

მისივე თქმით, საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რას ნიშნავს იყო შეზღუდული და პოლიტიკურად დევნილი ოლიგარქისგან. მელიას თქმით, როცა ამ დროს სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერი გაკრიტიკებს, ოლიგარქს შენ დაჭერას უმარტივებს. 

"ამ ადამიანებზე დღეს პოლიტიკური დევნაა გამოცხადებული და არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილმა ისინი ციხეში გაამწესოს უკანონოდ და არავის იმის საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ აი აგერ, რომელიღაცა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილს ხელი შეუწყო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებაში"- ამბობს ნიკა მელია. 

ცნობისთვის, საზოგადოებრივ მოძრაობის პრეზენტაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე გამოეხმაურა. მან ხაზარაძეს "წვრილი მევახშე" უწოდა და თქვა, რომ "ანაკლიის პორტი, უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის "შანტრაბა", რომელმაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს".

დღეს, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში თავისი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია გამართა. მოძრაობას "ლელო" ერქმევა. სახელი მან საქართველოს ისტორიის და გალაკტიონ ტაბიძის ლექსის გავლენით შეარჩია: "ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო, ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო". 

კომენტარები