მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე მე-2 ტურამდე გაკეთებულ განცხადებაზე: ჩავთვალე, ასე უფრო დიდ საფრთხეს ავირიდებდი

TBC ბანკისა და საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ტვ პირველის ეთერში საუბრობს იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე გამოაქვეყნა.

ხაზარაძის თქმით, განცხადების დაწერა შინაგანად არ სურდა, თუმცა ჩათვალა, რომ მეტი საშიშროების თავიდან აცილების მიზნით ჯობდა, ხელისუფლების თხოვნა ნაწილობრივ შეესრულებინა.

"როდესაც დიდ ორგანიზაციას წარმოადგენ, ლიდერმა რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. შეიძლება რაღაც უსიამოვნო აიღოს თავზე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ იქნებ გადახვიდე მეორე ნაპირზე," - ამბობს ხაზარაძე.

მისი განცხადებით, ბადრი ჯაფარიძე წინააღმდეგი იყო მსგავსი წერილის გავრცელების.

"ბადრის რომ ვუთხარი, მე ახლავე დავწერ განცხადებას-მეთქი, ბადრი იყო წინააღმდეგი, შინაგანად მეც წინააღმდეგი ვიყავი.

ეს არ ნიშნავს, რომ მე ჩემი სურვილით დავწერე, ნამდვილად წინააღმდეგობა მქონდა შინაგანად, მაგრამ დავწერე. ბადრიმ თქვა, რომ არ უნდა დავწეროთ მაგრამ მე ვთქვი - "ბადრი, ჯობია, რომ გავილანძღო ახლა, მაგრამ იქნებ რაღაცნაირად ავიცილოთ უფრო მეტი საშიშროება, ანაკლიიის პროექტია, ბანკია, ვიცით, რომ ყველაფერი დალაგებული არ არის."

ხაზარაძე იმასაც ამბობს, რომ განცხადებით ხელისუფლება მაინც უკმაყოფილო დარჩა:

"იქ რაც დავწერე შიგნით, ეს არ მოეწონათ. მათ უნდოდათ, რომ გამოსვულიყავი, რაც წერილში წერია, მომეწოდებინა ბიზნესმენებისთვის, შემეკრიბა და მეთქვა, რომ აი, ეს არის ჩვენი კანდიდატი. მე სხვა რამ დავწერე იქ. მე დავწერე, რასაც ვფიქრობ ამათზე და რაც გადამხდა ნაციონალების დროს."

მამუკა ხაზარაძემ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდგომ, 2 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ, 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სასამართლო სისტემის რადიკალურ რეფორმას დიდი მოლოდინით შესცქეროდა, მაგრამ ეს მოლოდინები არ გამართლდა. თუმცა, მისი თქმით, პიველი ტურის შემდეგ ქვეყანა უფრო დიდი საფრთხის - რევანშიზმის წინაშე იდგა, რასაც ქაოსის გამოწვევა და განვითარების შეფერხება შეეძლო. 

კომენტარები