კოალიციური მთავარობა

ჯაფარიძე: ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვინც მეტ თავისუფლებაზე წამოვა, მათ შორის ოცნებასთან

https://www.facebook.com/japaridzez/

"ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც მეტ თავისუფლებაზე წამოვა," - პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების ინიციატივას ტაბულასთან საუბარში ეხმაურება. პარტიები მოუწოდებენ ყველა პროდასავლურ ძალას, რომ არჩევნებამდე ღიად დააფიქსირონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ.

"ჩვენ ვითანამშრომლებთ იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც წამოვლენ უფრო მეტ თავისუფლებაზე. ვინ უფრო მეტ პრივატიზაციას დაუჭერს მხარს, ვინც უფრო მეტი გადასახადებს გაუქმებად დაუჭერს მხარს და ასე შემდეგ. ვინც უფრო მეტ თავისუფლებას დაუჭერს მხარს, იმასთან ვითანამშრომლებთ, ვინ უფრო ნაკლებს, იმასთან ნაკლებად ვითანამშრომლებთ. გამოვიდეს დათო ბაქრაძე და თქვას, რომ დაუჭერს მხარს კონკორდატის გაუქმებას და ვითანამშრომლებთ დათო ბაქრაძესთან. კახა კალაძე თუ გამოვა და იტყვის, რომ კონკორდატის გაუქმებას დაუჭერს მხარს, მაშინ მასთან ვითანამშრომლებთ მაგ საკითხში. ნებისმიერთან შეიძლება შევკრათ კოალიცია, ვინც მეტ თავისუფლებაზე წამოვა. არსებობს პოლიტიკური ძალები, რომლებიც შანსი არ არის მეტ თავისუფლებაზე წამოვიდნენ. ირმა ინაშვილი ვერ წამოვა უფრო მეტ თავისუფლებაზე, ვიდრე ევროპული საქართველო, მაგაში ვარ დარწმუნებული, ამიტომ უფრო მეტი შანსია ვითანამშრომლო ევროპულ საქართველოსთან. დანარჩენი, ევროპული საქართველო იქნება, ენმ, ქართული ოცნება, ბაჩუკი ქარდავა თუ ვინ რა პარტიას გააკეთებს 2020-მდე კაცმა არ იცის," - ამბობს ჯაფარიძე.

რაც შეეხება კითხვას პრორუსულ პარტიებთან თანამშრომლობაზე, ჯაფარიძე ამბობს, რომ გირჩში პრორუსულის განსხვავებული განსაზღვრება აქვთ და წინასწარ ვერავისზე იტყვიან, რომ ან ითანამშრომლებენ ან არა. 

"პრორუსული გაგება არის ჩემთვის ძალიან გაბლარული რამე. ჩემთვის პრორუსული არის ასევე, როცა დათო ბაქრაძე გამოდის და ითხოვს მევენახეების სუბსიდირებას. ჩვენ გირჩში სხვანაირი განსაზღვრება გვაქვს, რა არის პრორუსული და პროდასავლური. ჩვენ ვუყურებთ კონკრეტულ პროგრამებს ვინ რას უჭერს მხარს, პარტია გამოდიოდეს და ამბობდეს პროდასავლური ვარო, ეგ არაფერს არ ნიშნავს ჩვენთვის. წინასწარ ვერ ვიტყვით, არავისზე ჯვარი არ გვაქვს დაწერილი, ახლა რასაც ვუყურებ ოცნება ასტრალშია გასული და არანაირი თანამშრომლობაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ 2020-მდე კაცმა არ იცის კიდევ რამდენი პარტია გაჩნდება, ვინ რას მოითხოვს, ვინ რას გააკეთებს, არავინ არ იცის. არანაირი სურვილი არ გვაქვს დავიგინოთ, რომ ამასთან არ ვითანამშრომლებთ და იმასთან არ ვითანამშრომლებთ," - ამბობს ჯაფარიძე.

ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ. ამის შესახებ პარტიების წარმომადგენლებმა 13 სექტემბრის ბრიფინგზე ისაუბრეს.

კომენტარები