კოალიციური მთავრობა

გოცირიძე: ჩარკვიანის განცხადება, რომ ევ. საქართველო ოცნებასთან თანამშრომლობს, არასწორია

0 კომენტარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების ინიციატივაზე თაკო ჩარკვიანის განცხადება, რომ ევროპული საქართველო ოცნებასთან თანამშრომლობს, არასწორია. გოცირიძის თქმით, პარტიებისათვის მოწოდება, მკაფიოდ დააფიქსირონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს კოალიციას არ შეუქმნიან, ემსახურება არა ივანიშვილის ინტერესებს, არამედ მისი ერთმმართველობის დასრულებას.

"ასეთი მოსაზრება ჩვენს მიერ, ისევე ზოგიერთი სხვა პარტიის მხრიდან არაერთხელ იქნა გამოთქმული და ბუნებრივია, მივესალმებით, რომ ”ევროპულმა საქართველომაც” გაიზიარა იგი. ასეთი ინიციატივა ემსახურება არა ივანიშვილის ინტერესებს, არამედ მისი ერთმმართველობის დასრულებას. ათზე მეტი, განსხვავებული შეხედულებების პარტიაა გააერთიანებული ”ძალა ერთობაშიას” კოალიციაში და მათ ცალკეულ გამონათქვამებზე ჩვენ ვერ ვაგებთ პასუხს. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ასეთი წინაპირობა არ უნდა იყოს დადებული, ეს მათი ნებაა. რაც შეეხება ქალბატონ თაკო ჩარკვიანის განცხადებას, ჩემის აზრით, ის არ არის სწორი," - ამბობს გოცირიძე ტაბულასთან საუბრისას.

ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ. ამის შესახებ პარტიების წარმომადგენლებმა 13 სექტემბრის ბრიფინგზე ისაუბრეს. 

ინიციატივის გაჟეღერების შემდეგ, ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრმა თაკო ჩარკვიანმა თქვა, რომ ევროპული საქართველოს ამ ინიციატივას "თაღითობის სუნი ასდის."

"მე ვიცი, რომ „ევროპული საქართველოდან“ ზოგიერთი თანამშრომლობს „ოცნებასთან“. არასერიოზული საუბარი ყოველთვის თაღლითობა მგონია. მომიტევონ, მაგრამ ამასაც კვლავ რაღაც თაღლითობის სუნი ასდის," - თქვა ჩარკვიანმა.

დღეს, 14 სექტემბერს ევროპულმა საქართველომ მოუწოდა ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრებს და მათ შორის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, რომ მკაფიოდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიციები თაკო ჩარკვიანის "ცილისმწამებლურ განცხადებებზე."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები