პრეზიდენტის შეწყალება

უგულავა პრეზიდენტის შეწყალებაზე: ათონელზე ზის "მაიმუნი გახსნილი ლიმონკით"

ტაბულა

"შეწყალება უნდა იყოს აბსოლუტური დისკრეცია, უბრალოდ, ეს დღეს აბსოლუტური იდიოტის ხელშია" - ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადებას, მას შემდეგ, რაც ის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისთვის გააკრიტიკეს. 

"კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გამოსაძევებელი. შეუძლებელია! ათონელზე ზის "მაიმუნი გახსნილი ლიმონკით" - წერს უგულავა Facebook-ზე. 

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. 17 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა, პრეზიდენტმა თქვა, რომ შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორაატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება. 

მარიამობის დღესასწაულის შეწყალების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი კრიტიკის ობიექტი გახდა. მის მიერ შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. 

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა. 

კომენტარები